ფეხბურთი

10:00 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ფეხბურთელები და ცხელი სატრანსფერო ზაფხული

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა თვეზე ნაკლებია რაც გაიხსნა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა უკვე მოასწრეს ახალ გუნდებში გადაბარგება. რა თქმა უნდა, სრულ რეზიუმეზე საუბარი ჯერ ძალზე ნაადრევია, მაგრამ ახლა იმ ტრანსფერებზე ვისაუბრებთ, რომელიც უკვე ოფიციალურ დონეზე დადასტურდა. აქვე გეტყვით, რომ ქვემოთ მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე იქნება საუბარი, რომლებმაც კარიერა უცხოურ გუნდებში განაგრძეს.

ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი) - 21 წლის ნიჭიერი ქართველი მცველი ახალი სეზონიდან რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ „უფაში“ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ტაბიძემ აწ დასრულებული სეზონიც პრემიერლიგაში გაატარა („ურალის“ რიგებში), მაგრამ გუნდი მაინც გამოიცვალა. საგულისხმოა, რომ ჯიმის „ურალიც“ სთავაზობდა დარჩენას და ბელგიური „გენტიც“ დაბრუნებას, მაგრამ თავად ფეხბურთელმა როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადა, არჩევანი „უფას“ სასარგებლოდ გააკეთა.

ირაკლი შეყილაძე („სპეცია“, იტალია) - ბევრისგან მივიწყებული თავდამსხმელი ახალი სეზონიდან იტალიის სერია B-ში ითამაშებს. „სპეცია“ აპენინელთა რანგით მეორე ლიგაში ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, მაგრამ არც მაჩანჩალათა შორისაა და თუ შეყილაძე თავს გამოიჩენს, ადვილი შესაძლებელია სამომავლოდ ბევრად კარგ გუნდში აღმოჩნდეს. გასული სეზონი მან ლეგა პროს ბინადარ „ტუტოკუოიოში“ გაატარა და ახალ გუნდს ბედი 3 წლით დაუკავშირა.

საბა ლობჟანიძე („რანდერსი“, დანია) - საბა ლობჟანიძის ტრანსფერმა ოფიციალურ სახე გუშინ მიიღო. 21 წლის შემტევი ნახევარმცველი დანიის სუპერლიგაში მორიგი ქართველი იქნება. „რანდერსი“ კი, გასული სეზონის მიხედვით, საშუალო დონის გუნდია, ყოველშემთხვევაში მის მიერ დაკავებული მეშვიდე ადგილი ამაზე მეტყველებს. ხელშეკრულება ამ შემთხვევაშიც სამ წლიანია და იმედია, საბა სკანდინავიაში მაღალ დონეზე ათამაშებას მოახერხებს.

ნიკა კაჭარავა („კორონა“, პოლონეთი) - კაჭარავამ გასული სეზონი კვირპოსის მთავარ ლიგაში გამორჩეულად ჩაატარა და გოლებიც მრავლად გაიტანა. შესაბამისად, სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ იგი გუნდს შეიცვლიდა, რადგან „ეთნიკოსი“ ნამდვილად არ შეესაბამებოდა ქართველის დონეს. თავიდან საუბარი „გლაზგო რეინჯერსზეც“ იყო, მაგრამ საბოლოოდ ნიკა პოლონეთში აღმოჩნდა - კიელცეს „კორონა“, გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში მეხუთე ადგილი დაიკავა. წესით, კაჭარავასთვის ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება არ უნდა გახდეს პრობლემა და თუ გოლებს სტაბილურად გაიტანს, ბუნებრივია, პოლონეთიდან უკეთეს ლიგაში გადასვლა გაცილებით მარტივი გახდება.

გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა“, ესპანეთი) - ეს, რომ წლების წინ მომხდარიყო, ცალსახად გამორჩეულ ტრანსფერებს შორის, პირველ პოზიციას დაიკავებდა, მაგრამ „რეალ სარაგოსას“ წარმატებული დროება ნამდვილად არ უდგას. და მაინც, ლიგა ადელანტეში (იგივე სეგუნდადივიზიონი) თამაში სულაც არ უნდა იყოს სახუმარო. თანაც, პაპუნაშვილის სტილის ფეხბურთელისთვის ესპანეთში თამაში მისწრება უნდა იყოს. ეს გიორგისთვის მეორე შანსია ბრემენის „ვერდერში“ ვერ დამკვიდრების შემდეგ. არაგონელებმა ქართველ შემტევს 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ირაკლი მაისურაძე („პანიონისი“, საბერძნეთი) - ირაკლი მაისურაძე საბერძნეთის სუპერლიგაში გაირჯება. „პანიონისი“ „პანათინაიკოსს“, „ოლიმპიაკოსსა“ და პაოკ-ს კონკურენციას ვერ უწევს, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი გუნდია და გასული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, მაისურაძე და მისი გუნდი ევროპა ლიგაზე ითამაშებენ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან. აქამდე ირაკლი კვიპროსულ „ერმისში“ ირჯებოდა და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ „პანიონისი“ წინ გადადგმული ნაბიჯია.

ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი“, ყაზახეთი) - ნიკა კვეკვესკირის ტრანსფერს ქართველი გულშემატკივარი ბევრად მაღალი დონის ლიგაში ელოდა. თუმცა, რეალობა სხვაა და იგი ამიერიდან ყაზახურ „ტობოლში“ ითამაშებს, რომელიც იქაური ჩემპიონატის ცხრილის შუაშია. მეტიც, ნიკას უკვე ჰქონდა დებიუტი ახალ გუნდში და 90 წუთიც ითამაშა. ბევრი მიიჩნევს, რომ „ტობოლში“ გადასვლას „გაბალაში“ დარჩენა სჯობდა, მაგრამ ყველაფერს მომავალი გამოაჩენს. ქართველმა ყაზახურ კლუბთან 1.5 კონტრაქტი გააფორმა.

ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე“, აშშ) - ბევრი არ მოელოდა, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ამიერიდან არა ევროპაში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში ითამაშებს. MLS კი მაღალი დონის ჩემპიონატი რომ გახლავთ, არახალი ამბავია. აქვე გეტყვით, რომ ყაზაიშვილი „სან ხოსეს“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შენაძენი გახლავთ. ვაკოს ტრანსფერის შესახებ ბოლო დღეები აქტიურად იწერებოდა, მაგრამ ოფიციალური სახე ცოტა ხნის წინ მიიღო. ასე დ ამრიგად, ქართველმა არნემის „ვიტესი“ დატოვა და ახლა თავის გამოჩენას აშშ-ში ეცდება.

დავით ხოჭოლავა („შახტარი“, უკრაინა) - ჯერჯერობით გაჩარხული ტრანსფერებიდან ეს უდაოდ გამოსარჩევია. ბოლო დროს ასეთი დონის კლუბებში ქართველი ფეხბურთელების გადასვლას დაჩვეულნი სულაც არ ვართ. ხოჭოლავამ გასული სეზონი „ჩერნომორეცის“ რიგებში ჩინებულად ჩაატარა და ბევრი გამოცემის აზრით, უკრაინის ჩემპიონატის გამორჩეული მცველი იყო. 24 წლის ხოჭოლავამ „მეშახტეებთან“ ხელშეკრულება ჯერ კიდევ აპრილის თვეში გააფორმა, ხოლო გუნდს 1 ივლისიდან შეუერთდება. კონტრაქტი 5 წლიანი და იმედია, რომ იმედისმომცემი ჩვენებური დონბასელთა რიგებში დამკვიდრებას შეძლებს.

ამ დროისთვის სწორედ ასეთი ნუსხაა, თუმცა წინ კიდევ დიდი დროა და რაღა თქმა უნდა, ბევრი მათგანი ახალ გუნდში გადავა. თუმცა, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელ ტრანსფერებზეც გეტყვით: ლევან მჭედლიძეს ყველაზე მეტად "ბოლონიასა" და "ტრაბზონსფორს" უკავშირებენ, გიორგი მაკარიძეს ლისაბონის "ბენფიკას", ხოლო სოლომონ კვირკველიას "ლოკომოტივში" დაბრუნებას ელოდებიან. არაა გამორიცხული გუნდი უახლოეს მომავალში გიორგი მერებაშვილმაც შეიცვალოს, რომელსაც პოლონეთის წამყვანი გუნდები იწვევენ. გარდა ამისა, არ დავივიწყოთ სხვებიც. მოკლედ, ტრანსფერების მხრივ, ცხელი ზაფხული გველოდება...

და ბოლოს, ქართველ მწვრთნელებზეც ვთქვათ:

შოთა არველაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი) - თელ ავივის „მაკაბიდან“ გათავისფულების შემდეგ ქართველი სპეციალისტი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. ტაშკენტის „ფახთაქორი“ უზბეკეთში ყველაზე წარმატებული გუნდია, თუმცა ახლა მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობა არ აქვს და ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა.

თემურ ქეცბაია („ორენბურგი“, რუსეთი) - საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი რუსეთის პირველ ლიგაში იმუშავებს. მან „ორენბურგი“ 1+1 წლის სისტემის კონტრაქტით ჩაიბარა და მიზანიც დაუსახეს: პრემიერლიგაში დაბრუნება. ქეცბაისთვის რუსეთში მუშაობა ახალი ხილია, რადგან აქამდე არცერთი რუსული გუნდი არ გაუწვრთნია.

0.111823