ფეხბურთი

22:10 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ხასიათი გამოამჟღავნა

გია ცეცაძის გაწვრთნილი "სამტრედია" ორჯერ აგებდა გორის "დილასთან", მაგრამ მაინც გაიტანა თავისი და 3:2 იმარჯვა. სხვათა შორის, გორელებს აქამდე სტუმრად მარცხი არ ჰქონდათ განცდილი.

მე-10 წუთზე ომარ მიგინეიშვილის მოგერიებულ ბურთს ახლოდან დაამატა ბრაზილიელმა დერეტიმ და "დილა" დაწინაურდა - 0:1.

თუმცა მალევე "სამტრედიამ" გაათანაბრა კარგად გათამაშებული საჯარიმოს შემდეგ: მანჯგალაძემ ჩააწოდა, გოგიაშვილმა თავით მეკარის ბაქანთან გაგზავნა ბურთი და იქ გიორგი დათუნაიშვილი იყო ჩასაფრებული - 1:1. ერთ წუთში მშვენიერი კომბინაცია განახორციელეს მასპინძლებმა, გურამ სამუშიამ დაარტყა და მეკარე მიხეილ მუჯრიშვილმა რთული ბურთი მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში დერეტიმ მეორედ დააწინაურა "დილა". გაგოშიძის ჩაწოდებული ბურთი, სამტრედიელთა მცველები შეცდნენ და ბრაზილიელი მეკარესთან მარტო დარჩა, დარტყმა კი ტექნიკურად შეასრულა და 1:2.

დაახლოებით მსგავსი გოლი გავიდა 81-ე წუთზე, ოღონდ ამჯერად "დილას" ფეხბურთელები შეცდნენ. დათუნაიშვილის პასი, რაჟამაშვილი პირისპირ დარჩა მეკარესთან და 2:2.

შემდეგ ფეხბურთელები (ნიკა სანდოხაძე და ლუკა რაზმაძე) წაკინკლავდნენ და კარგია, რომ გუნდურ ჩხუბში არ გადაიზარდა. "დილას" ბრაზილიელ ლეანდროს ცვლიდნენ, სამტრედიელებმა კი ჩათვალეს, რომ ის ნელა გადიოდა მინდვრიდან და აჩქარებდნენ. რაზმაძეც ლეანდროს გამოექომაგა.

ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში კი "დილას" ფეხბურთელი გიორგი პაპავა გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის. მას ხელზე მოხვდა ბურთი თუ ხელით ითამაშა, რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, სახიფათო შეტევა ჩაშალა. "დილას" ფეხბურთელები აპროტესტებდნენ, თუმცა რაღა აზრი ჰქონდა.

და "სამტრედიამ" გადამწყვეტი გოლის გატანა მოასწრო. 87-ე წუთზე რაჟამაშვილმა კუთხური ჩააწოდა, სანდოხაძემ საჯარიმოში მიიღო ბურთი და შემოტრიალებით დაარტყა - 3:2. ეს სანდოხაძის მესამე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.

"სამტრედია" მესამე ადგილზე, 33 ქულით ასრულებს სეზონის პირველ ნახევარს. "დილას" კი 22 ქულა აქვს და ჯერ მეექვსეზეა.

სამტრედია - დილა 3:2 (1:1)

სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი, მანჯგალაძე (კასრაძე 90+5), მარკოზაშვილი (ჯიქია 60), სამუშია (ბელოვი 90), ბერიაშვილი

დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, გაგოშიძე, პაპავა, რაზმაძე, ქარქუზაშვილი, ფლავიო, ძარია (ტარავალიე 90+2), ლეანდრო (კირკიტაძე 82), დერეტი (ნონიკაშვილი 89), წიქარიძე, დერეტი

გოლები: 0:1 დერეტი (10), 1:1 დათუნაიშვილი (23), 1:2 დერეტი (51), 2:2 რაჟამაშვილი (81), 3:2 სანდოხაძე (87)

გაფრთხილება: მთივლიშვილი, სანდოხაძე - მაჩაიძე, ქარქუზაშვილი, რაზმაძე

გაძევება: პაპავა (84)

მსაჯი: ხარიტონაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144796