ფეხბურთი

13:17 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გორი 19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

19 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გორს ესტუმრნენ და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ - გორის სტადიონი 19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადება.

ევროპირველობა საქართველოში 2-15 ივლისს ჩატარდება, გორის სტადიონი ჯგუფური ეტაპის თამაშებს უმასპინძლებს. სტადიონზე უეფას მოთხოვნების შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, სამუშაოების ჩასატარებლად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტიდან 1 354 000 (ერთი მილიონ სამასორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი გამოიყო.

სტადიონზე ამ ეტაპზე ბოლო დეტალების დაზუსტება და მოწესრიგება მიმდინარეობს და ორი კვირის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის გახსნის დღეს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ სრულ მზადყოფნაში იქნება.

სპორტის მინისტრი ქართლის მოედანსაც ესტუმრა, იქ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და მოედანზე უახლოეს მომავალში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას მითითებები მისცა.

ქართლის სტადიონის რეაბილიტაციისთვის 52 ათასი ლარი გამოიყო და სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

მოგვიანებით, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გორში, რაგბის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამუშაოები დაათვალიერა და ლევან ტარყაშვილისგან მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო - ტარყაშვილი "სპორტმშენსერვისის" დირექტორია, თავის მხრივ "სპორტმშენსერვისი" სპორტის სასახლის დროულად და ხარისხიანად მშენებლობაზეა პასუხისმგებელი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146082