ფეხბურთი

20:58 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტატანაშვილის მეორე ჰეთ-თრიქი 

საჩხერის "ჩიხურამ" დიმიტრი ტატანაშვილის ჰეთ-თრიქით სძლია ფოთის "კოლხეთს" - 3:1. ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ეს მატჩი სამტრედიაში გაიმართა და ვინ იცის, ფოთელებს არც წაეგოთ, მე-60 წუთზე ათი კაცით რომ არ დარჩენილიყვნენ.

ფოთელი ცოტნე ქებურია შეცდა, ბურთი დაკარგა და თან დაჯარიმდა თორნიკე გორგიაშვილზე. იაქტიურა გორგიაშვილმა და დაუფასდა კიდეც. მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა ქებურია (სამართლიანადაც) და ამის შემდეგ ფოთელებს ძალიან გაუჭირდათ.

მალევე, გიორგი კორიფაძის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა ტატანაშვილის თავური და 0:1.

75-ე წუთზე ვარლამ კილასონიამ ჩააწოდა, უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა კი საჩხერელთა მეკარე დინო ჰამზიჩს აჯობა მეორე სართულზე, ბრძოლაში მოიპოვა ბურთი და დარტყმაც მოასწრო - 1:1. შეცდა ჰამზიჩი, თუმცა კოვტალიუკსაც არ დავუკარგოთ გარჯა.

86-ე წუთზე კი ტატანაშვილმა კვლავ თავით შეაგდო, ამჯერად ლაშა ჩიკვაიძის ჩაწოდების სემდეგ. ბოლოს კი "ტატანამ" ჰეთ-თრიქი შეასრულა, მოკლე მონაკვეთში მოატყუა მცველი და მეკარე სიკაჩსაც ტექნიკურად დაურტყა. ისე, სიკაჩმა არაერთი რთული ბურთი მოიგერია, მაგრამ სამ შემთხვევაში უძლური გახლდათ.

"ჩიხურა" კი ამ გამარჯვებით მეოთხე ადგილზე გადავიდა.

33 წლის ტატანაშვილზე ისიც დავამატოთ, რომ წლევანდელ ჩემპიონატში მეორე ჰეთ-თრიქი მიითვალა და 11 გოლი მოუგროვდა. მიკოლა კოვტალიუკს კი 10 გოლი აქვს აქტივში...

კოლხეთი (ფოთი) - ჩიხურა (საჩხერე) 1:3 (0:0)

კოლხეთი: სიკაჩი, გოგონაია, კერძევაძე, ვ.კილასონია, კაკულია (ქებურია 46), ოტიენო, ბოლქვაძე, ჯანელიძე, კორობკა, დაფე (ბუხაიძე 83), კოვტალიუკი

ჩიხურა: ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, მირცხულავა, კაშია, ჭელიძე, ჩიკვაიძე, კორიფაძე, გორგიაშვილი (განუგრავა 75), დობროვოლსკი (კაკუბავა 90+2), სარდალიშვილი (დეკანოიძე 50), ტატანაშვილი

გოლები: 0:1 ტატანაშვილი (67), 1:1 კოვტალიუკი (75), 1:2 ტატანაშვილი (86), 1:3 ტატანაშვილი (90+4)

გაფრთხილება: გოგონაია (52), გრიგალაშვილი (58)

გაძევება: ქებურია (60)

მსაჯი: ნინუა

0.110882