ფეხბურთი

10:12 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "მარტივი თამაში არ გველის"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მოლდოვის ნაკრებთან კარგ თამაშს ელოდება და ამავდროულად, თავისი შეგირდებისგან პირველ გამარჯვებას იმედოვნებს. როგორც სლოვაკმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამი ტაქტიკური სქემა აქვს გუნდს დამუშავებული, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს, რომელს მიანიჭებს უპირატესობას.

ვაისმა, მეტოქეც შეაქო და აღნიშნა, რომ მოლდოვა ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით, შედეგებიდან ჩანს.

"მოლდოვასთან შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება. ეს წინასწარ ვიცოდით, ვგულისხმობ მჭედლიძეს, ოქრიაშვილს, ჭანტურიას, ხოჭოლავას, ლორიას. მოსამზადებელი პერიოდისას კი, ანანიძეც გამოგვაკლდა. აქედან გამომდინარე შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ვეცდებით სამი ქულის აღებას. იმიტომ, რომ ჩვენი მეტოქე ისრაელთან ჩატარებული კარგი შეხვედრის შემდეგ ხვალინდელ შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდება. ვნახოთ, იმედი მაქვს კარგი თამაში გამოვა. სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. სამი სათამაშო სქემა დავამუშავეთ. ჯერ არ ვიცი რომელს გამოვიყენებთ, სასტარტო შემადგენლობას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ შევარჩევ. არსებობს გარკვეული კითხვები და ფეხბურთელებს ვარჯიშზე კიდევ ერთხელ დავაკვირდებით. ტაქტიკას რაც შეეხება, ყველაფრის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ შეიძლება ფეხბურთელებმა ვერ შეასრულონ ან მეტოქემ არ მოგცეს ამის საშუალება. მოლდოვის ნაკრები არ თამაშობს ისე ცუდად, როგორი შედეგიც აქვს. იგორ დობროლოვსკი გამოცდილი მწვრთნელია. ისინი 4-2-3-1 ტაქტიკით თამაშობენ. კარგი პრესინგის თამაშიც შეუძლიათ. ინდივიდუალური შეცდომების გამო მარცხდებიან და ამის გამო არ აქვთ გარკვეული წარმატება. მათ პრესინგს ჩვენც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან მოლდოვა საკუთარ სტადიონზე პირველ ნომრად ითამაშებს. როგორც ეს ირლანდიასთან და სერბეთთან სცადეს. ვიდრე გოლს გაუშვებდნენ მოწინააღმდეგეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. მარტივი მატჩი არ გველის, მაგრამ ჩვენის მხრივ შევეცდებით წამყვანი მოთამაშეების გარეშე კარგი თამაში ვაჩვენოთ. აქ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც დარწმუნებული ვარ მეტი აგრესიის გამოვლენა შეუძლიათ და წარმატების მოტანა", - ციტირებს ვაისის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანლსაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იგეგმება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111647