საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "როლან გაროსის" მეორე წრეში ვიქტორ ტროიცკი 7:6, 7:6, 7:6 დაამარცხა და მეთექვსმეტედფინალში გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილმა ტაი-ბრეიკებში იმარჯვა და იღბალი მის მხარეს იყო, ქართველი უპირატესობას ფლობდა და შეეძლო უფრო იოლადაც მოეგო, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში მცირე უზუსტობების და შეცდომების გამო თამაში საბოლოოდ ტაიბრეიკამდე მიდიოდა. პირველ სეტში ბასილაშვილი 2:0 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა ვერ გამოიყენა. მეშვიდე გეიმზე ტროიცკი კვლავ დაბრეიკდა, მაგრამ ქართველმა ვერც ამჯერად შეირგო საჩუქარი და მეათე გეიმზე დაბრეიკდა. საბოლოოდ კი, ტაიბრეიკი ნიკოლოზის მხარეს აღმოჩნდა.
მეორე სეტის მერვე გეიმზე ვიქტორმა მოწოდება დათმო და ბასილაშვილს შანსი ჰქონდა 6:3 მოეგო, თუმცა ამჯერადაც ვერ შეინარჩუნა უპირატესობა, ტაი-ბრეიკი კი კვლავ ნიკოლოზის უპირატესობით დასრულდა - 7:2. მესამე სეტში ტროიცკიმ ჩამორჩენა კიდევ ერთხელ აღმოფხვრა. მეექვსე გეიმზე, მეტოქის მოწოდებაზე მოიგო და იმედი მიეცა, თუმცა იღბალი დღეს ქართველის მხარეს იყო და ტაი-ბრეიკი 8:6 მოიგო.
მესამე ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე "როლან გაროსის" მთავარი ფავორიტი რაფაელ ნადალი იქნება. ესპანელმა ჩოგბურთელმა 1/32-ფინალში რობინ ჰაასი 6:1, 6:4, 6:3 დაამარცხა. ნიკოლოზის და რაფას მატჩი 2 ივნისს 13:00 საათზე დაიწყება.