კალათბურთი

15:42 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პლეი-აუტის გუნდებმა სეზონი დაასრულეს

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი-აუტში მოასპარეზე გუნდებმა „ოლიმპისა“ და „მგზავრების“ გადმოტანილი შეხვედრით 2016/17 წლების საკალათბურთო სეზონი დაასრულეს.

ამ შეხვედრამდე ორივე გუნდს სუპერლიგაში დარჩენის საკითხი მოგვარებული ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მატჩის მთავარი მიზანი იყო ის, თუ რომელი გუნდი დაიკავებდა რვაგუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილს. ამ თამაშამდე „მგზავრები“ „ოლიმპს“ 1 ქულით უსწრებდნენ და მე-6 ადგილზე იმყოფებოდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე „ოლიმპს“ მე-6 ადგილის დასაკავებლად მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. ორივე გუნდმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა და ამიტომაც იყო, რომ შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა. 119:116 - გაიმარჯვა „მგზავრებმა“ და მე-6 ადგილი დაიკავა. მეშვიდეზე „ოლიმპი“ გავიდა, ხოლო მე-8 ადგილზე გასული „ბათუმი“ სუპერლიგას დაემშვიდობა და 2017/18 წლების სეზონში მის ადგილს „ა“ ლიგის გამარჯვებული მარნეულის „დელტა“ დაიკავებს.

დავუბრუნდეთ დღევანდელ მატჩს. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი ტაიმი „მგზავრების“ გამარჯვებით დასრულდა - 65:64. მესამე მეოთხედში „მგზავრების“ უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა - 100:90. მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 4 წუთითა და 42 წამით ადრე „მგზავრები“ 119:101 დაწინაურდა. ამის შემდეგ ამ გუნდს ქულა აღარ გაუკეთებია. „ოლიმპმა“ 16-ქულიანი გაქცევა მოაწყო, მაგრამ მატჩის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო და ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები „მგზავრების“ უკანახაზელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ოთარ ფხაკაძე და ამერიკელი ლეგიონერი კაჰიმ რენსომი იყვნენ, რომლებმაც 37-37 ქულა დააგროვეს და ორმაგ დუბლამდე თითო პასი დააკლდათ. „ოლიმპის“ მხრიდან 36 ქულითა და 15 მოხსნით ყველაზე კარგი შედეგი ამერიკელ ლეგიონერ ტრე ბურნეთს ჰქონდა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა მისმა თანაგუნდელმა გეგი ბაქრაძემ, რომლის ანგარიშზეც 11 ქულა და 17 მოხსნაა.

ოლიმპი - მგზავრები 116:119 (29:27, 35:38, 26:35, 26:19)

0.114373