ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის, საერთაშორისო დიდოსტატის დავით ჯოჯუას ხელმძღვანელობით მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატისათვის მზადების მიზნით პირველ შეკრება გაიარა. ამ დროს მისი ერთ-ერთი წევრი ლელა ჯავახიშვილი საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობდა.
,, დაახლოებით 10 წელი იქნება, რაც საფრანგეთის საჭადრაკო კლუბ ,,ბიშვილერის“ წევრი ვარ, სადაც პირველ დაფაზე ვთამაშობ. ამ ხნის განმავლობაში კლუბი ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ამჯერად ფინალში კიდევ ერთხელ გავედით, სადაც 24-25 ივნისს ,,ევრის" უნდა შევხვდეთ. რადგან ეს დრო ქალთა შორის მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატს ემთხვევა, რა თქმა უნდა, ნაკრებში ვითამაშებ და კლუბს ვერ დავეხმარები. ჩემს ნაცვლად პირველ დაფაზე ქართველი მოჭადრაკე, საფრანგეთის მოქალაქე ნინო მაისურაძე ითამაშებს, რომელიც აქამდე მეორე დაფაზე თამაშობდა“ - გვითხრა ლელა ჯავახიშვილმა.