კალათბურთი

16:08 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლექსო ლაფანაშვილი: “როგორი გუნდი გვეყოლება, დიდწილად ფინანსებზეა დამოკიდებული”

საკალათბურთო კლუბმა "დელტამ", 2016-2017 წლების საკალათბურთო სეზონში ა-ლიგაში მოსახვედრად ბრძოლა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. ქვემოქართლელებმა ა-ლიგაში თამაშის უფლება მეორე ცდაზე, ლეგიონერების გარეშე მოასპარეზე შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდთან მოგების შემდეგ მოიპოვეს, მანამდე კი ,,ტიტებთან’’ დამარცხდნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,დელტას’’ ფავორიტებში არავინ მოიაზრებდა. პროგნოზის საპირისპიროდ, გუნდმა კარგად იასპარეზა, პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა და 2017-2018 წლების სეზონისთვის სუპერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

„დელტას“ ლექსო ლაფანაშვილი თავკაცობს, 32 წლის სპეციალისტი, რომელმაც სუპერლიგაში (დინამო, სტუ ჯეოსელი, შსს აკადემია...) გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ მოთამაშის კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. 2014-2015 წლების საკალათბურთო სეზონში შსს აკადემიას მთავარი მწვრთნელის კოტე ტუღუშის ასისტენტი იყო. 2015 წლიდან დღემდე ზაზა ფაჩულიას აკადემიაში ბავშვთა მწვრთნელად მუშაობს, პარალელურად ,,დელტას’’ მთავარი მწვრთნელია.

„დელტას“ წარმატებით განვილ სეზონსა და მომავალზე სასაუბროდ worldsport.ge ლექსო ლაფანაშვილს დაუკავშირდა.

- სეზონის დაწყების წინ გუნდის ხელმძღვანელობამ რა მიზანი დაგისახათ?

„დელტაში“ კლუბის პრეზიდენტმა ირაკლი შარვაშიძემ მიმიწვია და მეც დავთანხმდი. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დიდების გუნდში მთავარ მწვრთნელად ვმუშაობ. გუნდში რომ მივედი, ის უკვე დაკომპლექტებული იყო. როდესაც შემადგენლობას გავეცანი აღმოჩნდა, რომ ერთი გამთამაშებლის ბესო ლეჟავას იმედად მოგვიწევდა ყოფნა. ძალიან მინდოდა კიდევ ერთი გამთამაშებლის აყვანა, მაგრამ დამატების უფლება აღარ გვქონდა. მიზანს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უარს არც პირველ ადგილზე ვიტყოდით, მაგრამ შემადგენლობიდან გამომდინარე, მთავარი, პირველ ოთხეულში მოხვედრა იყო, რომელიც მომავალ სეზონში ა-ლიგაში თამაშის გარანტიას იძლევა. საბედნიეროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ პირველი ადგილი დავიკავეთ.

- როდის იგრძენით, რომ პირველი ადგილის მოპოვება შეგეძლოთ?

- პირველ წრეში, ზედიზედ სამი მოგების შემდეგ მივხვდი, რომ პირველი ადგილისათვის ბრძოლა შეგვეძლო.

- რომელ გუნდებს თვლიდით მთავარ კონკურენტებად?

- სეზონის დაწყების წინ ,,ტიტებსა’’ და ,,არენა-76’’ ვთვლიდი მთავარ კონკურენტებად. შემდეგ მათ რიცხვს თსუ ,,ჰიუნდაიც’’ მიემატა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა ჩვენს შემდეგ.

- თქვენი გუნდიდან რომელ კალათბურთელს გამოარჩევდით?

- გუნდური თამაშის მომხრე ვარ და რომელიმე კალათბურთელის გამორჩევისაგან თავს შევიკავებ. ჩემი აზრით, თამაში არა გუნდის ლიდერზე, არამედ იმ კალათბურთელზე უნდა ააგო, რომელსაც თამაში მისდის.

- რომელი თამაში იყო ,,დელტასთვის’’ ამ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ყველა მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით კი მესამე წრეში, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ,,არენა-76’’-თან შეხვედრას გამოვარჩევ. ამ შეხვედრამდე ჩვენს გუნდებს შორის ანგარიში 1:1 იყო. რადგან სხვა გუნდებთან დადებითი შედეგი გვქონდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ,,არენა-76’’-თან მესამე მატჩის შედეგს, რადგან არ იყო გამორიცხული თანაბარი ქულები დაგვეგროვებინა. მოვიგეთ და 2:1 დავწინაურდით.

- სუპერლიგაში გადასულ ,,დელტასაც’’ თქვენ უხელმძღვანელებთ?

- ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან კლუბის ხელმძღვანელობასთან ამ თემაზე ჯერ არ გვისაუბრია. მგონი აპირებენ ჩემს დატოვებას.

- მთავარ მწვრთნელად დარჩენის შემთხვევაში თქვენს ახლანდელ თანაშემწეებსაც დაიტოვებთ?

- ჩემი ახლანდელი თანაშემწეების ზაზა გაბისონიასა და ჟოლივეტ ტუჯანის მუშაობით კმაყოფილი ვარ და აუცილებლად დავიტოვებ.

- კალათბურთელების მხრივ თუ იქნება ცვლილებები?

- რა თქმა უნდა, იქნება, რადგან სუპერლიგა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ა- ლიგა და ამ შემადგენლობით გაგვიჭირდება.

- როგორი გუნდის გაკეთებას აპირებთ?

- ყველაფერი არა, მაგრამ ბევრი იქნება დამოკიდებული დაფინანსებაზე, თუ როგორი გუნდი გვეყოლება.

- ,,დელტას’’ პარალელურად თქვენ საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ვიცეჩემპიონ ,,ზაზას’’ მწვრთნელად მუშაობთ, დეიან პროკიჩთან ერთად. რა იყო ,,ჰიუნდაისთან’’ ფინალში ,,ზაზას’’ დამარცხების მიზეზი?

- დავიწყოთ იმით, რომ ორი-სამი კალათბურთელის გარდა, ,,ზაზა’’ 18-წლამდე კალათბურთელებითაა დაკომპლექტეული. ასეც რომ არ ყოფილიყო, ,,ჰიუნდაისთან’’ თამაში მაინც გაგვიჭირდებოდა, რადგან იგი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების საბაზო გუნდია.

- საინტერესოა თქვენი, როგორც ბავშვებთან მომუშავე მწვრთნელის აზრი, როგორი თაობა მოდის?

- კარგი თაობაა, მაგრამ დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე ბევრად უკეთესი უნდა იყოს.

- თუ პირობები კარგია, მაშინ მიზეზი რა არის?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით.

0.14214