კალათბურთი

10:21 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ შერმადინი: ორმაგი დუბლი და დაპყრობილი ფარი "რეალთან"

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი დრამატულად დათმო „მორაბანკ ანდორამ“ - გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის გუნდი შინ ოვერტაიმში დამარცხდა მადრიდის „რეალთან“ – 86:88.

როგორც დავეჩვიეთ მიმდინარე სეზონში, დიდებული თამაში ჩაატარა შერმადინმა. გარდა ამისა, ქართველი ცენტრი წელს განსაკუთრებულად კარგად „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ ირჯებოდა და ტრადიცია ამჯერადაც არ დაურღვევია.

გიორგიმ პარკეტზე 34 წუთი გაატარა და ამ დროში საკუთარ გუნდს 18 ქულა, 14 მოხსნა და 1 პასი შესძინა. როგორც ხედავთ, ჩვენებურის ანგარიშზე ორმაგი დუბლია. შერმადინმა 13-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოები მისთვის უჩვეულოდ ცუდად ისროლა: ხუთიდან მხოლოდ ორი გამოუვიდა ზუსტი. მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდში ყველაზე მაღალი ჰქონდა - 27, ხოლო შედეგიანობით მხოლოდ „რეალის“ წევრ ანდრეს ნოჩიონის ჩამორჩა, რომელმაც 19 ქულა მიითვალა. სამაგიეროდ, გიორგი ფარის ბატონ-პატრონი იყო და ბურთი 14-ჯერ მოხსნა (11-ჯერ დაცვაში, სამჯერ შეტევაში).

რაც შეეხება ბურჯანაძეს - ბექას ტრავმა აწუხებს და ამჯერადაც არ უთამაშია. „მორაბანკ ანდორამ“ რეგულარული სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მეტოქე იქაც „რეალია“ და პირველი თამაში 20 მაისს, მადრიდში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112071