ფეხბურთი

10:00 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - აპრილის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება, რომელშიც ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. როგორც ყოველთვის აღნიშნული გამოკითხვა ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ “თქვენ ირჩევთ” სექტემბრიდან იღებს სათავეს. აქამდე ორ-ორჯერ გამოკითხვაში საუკეთესოობა მხოლოდ ლევან მჭედლიძემ და ჯანო ანანიძემ მოახერხეს, თუმცა, ამჯერად აპრილის თვის ნომინანტთა შორის ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ლევანმა "მილანის" კარი დალაშქრა, სხვა გამორჩეული და დასამახსოვრებელი აპრილში არაფერი ჰქონია. აქვე, ჩამოგითვლით წინა გამარჯვებულებს:

ჯანო ანანიძე (სექტემბერში), ვაკო გვილია (ოქტომბერში), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერში), ლევან მჭედლიძე (დეკემბერში), ლევან მჭედლიძე (იანვარში), გიორგი მაკარიძე (თებერვალში), ჯანო ანანიძე (მარტში).

ახლა კი, აპრილის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. გეტყვით, რომ ცხრა კანდიდატი გვყავს და უმეტესობა საქართველოს ეროვნულ ლიგას წარმოადგენს - ბაჩანა არაბული, ირაკლი სიხარულიძე, მამია გავაშელიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და საბა ლობჟანიძე. დანარჩენი ოთხი კი ლეგიონერია. რაც შეეხება ამ უპრეცედენტო ფაქტს - ზემოხსენებულმა ფეხბურთელებმა აპრილში მართლაც მაღალ დონეზე გარჯით დაგვამახსოვრეს თავი და გარდა ამისა, ქართულ ლეგიონს მაინც და მაინც, წარმატებული თვე არ ჰქონია.

მაშ ასე, მარტის თვის ნომინანტთა სია ასეთია, ხოლო ჯერი თქვენზეა – “თქვენ ირჩევთ”.

დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, უკრაინა) - დავით ხოჭოლავასთვის აპრილის თვე ორად გაიყო: პირველი და მეორე ნახევარი. თვე ძალზე წარმატებულად დაიწყო და ზედიზედ ორჯერ უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჯერ, „ოლიმპიკთან“, ხოლო მერე „შახტართან“ ჩატარებული დამაჯერებელი თამაშების გამო. ეგ იყო და, ქართველმა დონბასელებთან გააფორმა კონტრაქტი. მერე კი, ყველაფერი შეიცვალა - ხოჭოლავამ სამიდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, აპრილის თვე მისთვის უდავოდ გამორჩეული გამოდგა.

გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია) - გასულ თვეში არნემის „ვიტესის“ კაპიტანმა 6 თამაში ჩაატარა. განსაკუთრებულად თავი არ გამოუჩენია, მაგრამ თვის ბოლო დღეს, გურამმა ჰოლანდიის თასი აღმართა - ეს, „ვიტესის“ ისტორიაში პირველი ტიტული გახლდათ. შესაბამისად, ჩვენი გამოკითხვა მის გარეშე ამჯერად ვერ დარჩებოდა.

გიორგი ჩაკვეტაძე („დინამო“) - ჩაკვეტაძე მხოლოდ 17 წლისაა, თუმცა ისე თამაშობს, როგორც უკვე გამობრძმედილი ფეხბურთელი. ნიჭიერი საყრდენის გარეშე „დინამო“ ახლა ნამდვილად ვერ იქნებოდა ერთპიროვნული ლიდერი. ჩაკვეტაძე იწყებს თბილისური გუნდის ყველა შეტევას და საგოლე გადაცემებიც მრავლად დაუგროვდა. ერთ რამედ ღირს მისი თამაშის ნახვა: არასდროს აკეთებს ზედმეტ მოძრაობას, არ ენანება რიგ ეპიზოდებში ბურთთან განშორება და ამიტომაცაა, რომ ბევრი საგოლე პასი აქვს. აპრილში მან, გოლიც გაიტანა „ჩიხურას“ კარში. იმედია, პროგრესირებას კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გააგრძელებს.

გიორგი ბერიძე („ტრენჩინი“, სლოვაკეთი) - გიორგი ბერიძის კარიერაში გამორჩეული სეზონია. ახალგაზრდა შემტევმა მეტი სათამაშო პრაქტიკის გამო სლოვაკურ „ტრენჩინს“ ზამთარში მიაშურა და უმალვე გუნდის ლიდერად იქცა. აპრილში, 19 წლის შემტევმა 3 საგოლე გადაცემა და 1 გოლი გაიტანა 5 შეხვედრაში. გარდა ამისა, ყველა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და თანაგუნდელთაგან ყველაზე აქტიურიც იყო. გოლი კი, სლოვაკური ფეხბურთის ფლაგმან „ჟილინას“ გაუტანა.

ირაკლი სიხარულიძე („ლოკომოტივი“) - საოცარი შედეგიანობით გამოირჩა აპრილში ირაკლი სიხარულიძე. 26 წლის ფორვარდმა გასულ თვეში 6 ჩატარებულ მატჩში 8(!) გოლის გატანა მოახერხა. სიხარულიძემ დუბლი ოთხჯერ შეასრულა: „ჩიხურასთან“, „დილასთან“, „შუქურასთან“ და ფოთის „კოლხეთთან“. სხვათა შორის, ერთი დუბლი მარტშიც მიითვალა (ბათუმის „დინამოსთან“) და 10 გოლით ეროვნული ლიგის საუკეთესო მეგოლეა.

მამია გავაშელიშვილი („ლოკომოტივი“) - ზუსტად იგივე ითქმის მამია გავაშელიშვილზე - „ლოკომოტივის“ 22 წლის ფორვარდმა 6 თამაშში რვა გოლი გაიტანა. მან ჰეთ-თრიქი გაიფორმა „კოლხეთთან“, დუბლი ორჯერ შეასრულა „შუქურასთან“ და ‘ჩიხურასთან“, ხოლო „დილასთან“ შეხვედრაში გოლს დასჯერდა. გარდა ამისა, იყო საგოლე გადაცემებიც. აქვე გეტყვით, რომ გავაშელიშვილმა 2014-2015 წლების სეზონში პირველ ლიგაში 45 გოლი გაიტანა. სწორედ მაშინ გახდა იგი ჩვენს საფეხბურთო სამყაროში ცნობილი. თუმცა, შემდეგ სეზონში უმაღლეს ლიგაში თავი მხოლოდ ხუთჯერ გამოიჩინა, ხოლო წინა, გარდამავალი ჩემპიონატი საერთოდ მშრალზე დაასრულა. ახლა კი, როგორც ხედავთ, ერთ თვეში მოახერხა იმაზე მეტის გატანა, ვიდრე ბოლო ორ წელიწადში და ბომბარდირთა დავაში მეორეა თანაგუნდელ სიხარულიძის შემდეგ.

საბა ლობჟანიძე („დინამო“) - თბილისის „დინამოს“ ეროვნულ ლიგაში დიდებული სერია აქვს და ამაში საბა ლობჟანიძის დამსახურება დიდია - 22 წლის შემტევი ნახევარმცველი მთავარ გუნდს აპრილში დაუბრუნდა და 5 მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, მეოტქეთა კარი სამჯერ აიღო და თითქმის ყველა თამაშში გამორჩეული გახლდათ.

სოლომონ კვირკველია („ლოკომოტივი“, რუსეთი) – 25 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის წარმატებული თვე გამოდგა. გუნდი რუსეთის თასის ფინალში გავიდა, თავად კი, 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, აპრილში ერთხელ პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. აქვე გეტყვით, რომ კვირკველია აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა შორის "ლოკომოტივის" ვებგვერდმაც შეიყვანა, თუმცა გამარჯვება ვერ მოახერხა.

ბაჩანა არაბული („დინამო“) – „დინამოს“ რიგებში გამორჩეულია ბაჩანა არაბულიც - 23 წლის თავდამსხმელმა გასულ თვეში 6 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. ჰეთ-თრიქი „შუქურასთან“ და გოლი ქართულ დერბში, „ტორპედოსთან“.

0.119066