ჩოგბურთი

22:11 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი რეკორდს უმიზნებს, მარეი კვლავ დამარცხდა

ბარსელონას ღია ტურნირზე ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და შეიძლება ითქვას მოლოდინი გამართლდა. ესპანელმა რაფაელ ნადალმა ორასიო სებალოსი 6:3, 6:4 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის ფინალში მეათედ გავიდა. ასევე მსოფლიოს მეხუთე ნომერს შანსი აქვს გახდეს პირველი მოთამაშე, რომელსაც რომელიმე ჩემპიონატი 10-ჯერ ექნება მოგებული.

ნადალი ATP-ის 71-ე ჩემპიონატის მოგებას შეეცდება, ხოლო თიხის კორტზე მას აქამდე 50 ტურნირი აქვს მოგებული. ესპანელი 106-ე ფინალს ითამაშებს, ბარსელონაში მან მოგებათა ბალანსი კიდევ უფრო გაზარდა და ახლა აქტივში უკვე 52 მოგება და 3 მარცხი აქვს. სებალოსს კი მხოლოდ დადებითი შეფასება აქვს, რადგან მსოფლიოს 84-ე პოზიციაზე მყოფი არგენტინელისგან ასეთ წარმატებულ თამაშს არავინ ელოდა.

რაფაელის მეტოქე ფინალში იქნება ავსტრიელი დომინიკ ტიმი, რომელმაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი დაძაბულ ბრძოლაში 6:2, 3:6, 6:4 დაამარცხა. ბრიტანელი ბოლო პერიოდში არასახარბიელოდ თამაშობს, 2017 წელს რეიტინგის ლიდერმა მხოლოდ 1 ტურნირი მოიგო და უმეტესად ჩემპიონატებს ნაადრევ სტადიაზე ეთიშება.

ტიმი და ნადალი აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ესპანელი 2:1-ს იგებს. ფინალური შეხვედრა ხვალ, 30 აპრილს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

0.201723