ფეხბურთი

22:56 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი: ჩემპიონს თასის მფლობელმა აჯობა

საქართველოს დავით ყიფიანის თასის მოქმედი მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებს. კახა ჩხეტიანის გუნდმა მერვედფინალური ეტაპის ცენტრალური მატჩი მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ქუთათურებმა საკუთარ მოედანზე საქართველოს მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" აჯობეს დამაჯერებლად - 2:0.

შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა - ჯერ იყო და, გიორგი კუხიანიძემ პენალტით გახსნა ანგარიში, ხოლო მატჩის დასასრულს ბექა ტუღუშმა შეხვედრას წერტილი დაუსვა. ასე და ამრიგად, "ტორპედომ" საქართველოს სუპერთასზე განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. საქართველოს სამგზის ჩემპიონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩინებული პერიოდი უდგას და გადასარევ ფორმაშია. რასაც ვერ ვიტყვით გია ცეცაძის გუნდზე - "სამტრედიას" ეროვნულ ლიგაშიც არ მისდის მაინც და მაინც საიმედოდ საქმეები და თასიდან გავარდნაც რაღა თქმა უნდა, მის აქტივში ვერ ჩაიწერება.

აქვე გეტყვით, რომ "ტორპედოს" გარდა საქართველოს თასის მეოთხედფინალში "დინამო", "ნორჩი დინამო", "ჩიხურა", "დილა", "იმერეთი", "რუსთავი" და "შევარდენი 1906" ითამაშებენ. როგორც ხედავთ 1/4 ფინალის მონაწილე რვა გუნდიდან მხოლოდ ოთხია ეროვნული ლიგა 1-დან. ერთიც ეროვნულ ლიგა 2-ს წარმოადგენს ("რუსთავი"), ხოლო სამი გუნდი ეროვნულ ლიგა 3-ს: "შევარდენი 1906", "ნორჩი დინამო" და "იმერეთი".

„ტორპედო“ - „სამტრედია“ – 2:0 (0:0)

„ტორპედო“: რ.კვასხვაძე კაპ.), ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, მამასახლისი, გიგაური, კუხიანიძე (ბაბუნაშვილი 87), დოლიძე (ტაბატაძე 76), ტუღუში, საბანაძე (კუჭუხიძე 77)

სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, საღრიშვილი, კაპანაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

„სამტრედია“: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, ახალაძე, კასრაძე (რაჟამაშვილი 60), დათუნაიშვილი, ჩაგელიშვილი, მარკოზაშვილი, ბერიაშვილი (სამუშია 84), ჯიქია (ხაბეიშვილი 76)

სათადარიგოები: დაუშვილი, მთივლიშვილი, ბურკაძე, სუხომლინოვი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლები: 1:0 კუხიანიძე (56,პენ.), 2:0 ტუღუში (90+2)

გაფრთხილება: ტუღუში (6), ხურცილავა (89)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11636