საკალათბურთო სუპერლიგის მიმდინარე ტურის მორიგ შეხვედრაში „სოხუმმა“„მგზავრებს“ უმასპინძლა. ამ მატჩამდე გადაწყვეტილი იყო, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ორივე გუნდს პლეი აუტში მოუწევს ჩემპიონატის გაგრძელება. ბოლო ტურის წინ „სოხუმი“ მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო „მგზავრები“ კი მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებდა „ბათუმთან“ ერთად.
თამაშის სამმა მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, რომელიც ფრედ დასრულდა - 62:62. ისევე როგორც წინა შეხვედრაში, ამჯერადაც, მატჩის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. 87:79 გაიმარჯვა „მგზავრებმა“ და „სოხუმთან“ სხვაობა ერთ ქულამდე დაიყვანა.
„მგზავრების“ გამარჯვებაში ლომის წილი ამერიკელმა ლეგიონერებმა შეიტანეს. ორივე გუნდის შემადგენლობაში 30 ქულით ყველაზე შედეგიანი კორი ალენი იყო. დერნელ ტეილორის ანგარიშზე 24 ქულაა, ხოლო რეჯინალდ მერფიმ 10 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ამრიგად, „მგზავრების“ მიერ მოპოვებული 87 ქულიდან 64 ლეგიონერთა ანგარიშზეა.
ზღვისპირელთა შორის 16-16 ქულით ყველაზე შედეგიანები დავით ბარბაქაძე და ამერიკელი ლეგიონერი რობერტ ვუდსონი იყო. ამ უკანასკნელმა დაგროვილ ქულებს 9 მოხსნა, 8 პასი შემატა და სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. 10 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი სოხუმელთა უკრაინელმა ლეგიონერმა ალექსანდრ ტიშენკომ შეასრულა.
ამ ტურისა და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა რუსთავში ჩატარდება, სადაც დღეს 18:00 საათზე ქვემოქართლელები „კაკტუსს“ უმასპინძლებენ.
სოხუმი - მგზავრები 79:87 (16:25, 30:20, 16:17, 17:25)