კალათბურთი

17:08 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ოლიმპი“„ბათუმს“ წამოეწია

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის გუშინ დაწყებული ბოლო 28-ე ტური, დღეს, თბილისში ოლიმპიურ სასახლეში აუტსაიდერ „ოლიმპისა“ და „ბათუმის“ შეხვედრით განახლდა. ზღვისპირელები ამ შეხვედრამდე აუტსაიდერს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე გულშემატკივრები დაძაბულ თამაშს ელოდნენ. ასეც მოხდა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ფორტუნამ მასპინძლებს გაუღიმა, რომლებმაც 64:61 დაამარცხეს მეტოქე და „ოლიმპი“ ამ გამარჯვებით „ბათუმს“ წამოეწია. ორივე გუნდს თანაბარი ქულები დაუგროვდათ და მეშვიდე-მერვე ადგილებს ინაწილებენ.

აღნიშნული შეხვედრა „ოლიმპის“ უპირატესობით დაიწყო. ოყო მომენტი, როცა თბილისელი კალათბურთელები 7 ქულითაც დაწინაურდნენ - 12:5. სტუმრები დანებებას არ აპირებდნენ და ბოლო წამებზე წინ გასვლაც მოახერხეს - 17:16. საბოლოოდ, ეს მეოთხედი „ოლიმპის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელსაც მასხულიამ სამქულიანით მოაგებინა - 19:17.

მეორე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. პირველი ტაიმის დასრულებამდე 2 წუთითა და 7 წამით ადრე „ოლიმპი“ 6 ქულის სხვაობით 33:27 ლიდერობდა. დარჩენილ დროში მდევრის როლში მყოფმა „ბათუმმა“ათქულიანი გაქცევა მოაწყო და პირველი ტაიმის შემდეგ 37:33 დაწინაურდა.

მესამე მეოთხედმა ზღვისპირელთა სრული უპირატესობით ჩაიარა. მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე 51:45 იყო „ბათუმის“ სასარგებლოდ. მეოთხე მეოთხედიც გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და ძნელი იყო წინასწარმეტყველება, რომელ გუნდს დარჩებოდა გამარჯვება. ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთითა და 53 წამით ადრე „ოლიმპის“ უკანახაზელმა ირაკლი მიქელაძემ სამქულიანით გუნდი წინ გაიყვანა - 60:58. ახლა ბათუმელთა ჯერი დადგა. მისმა წევრმა ნოდარ თენეიშვილმა სამქულიანით „ბათუმი“ ისევ დააწინაურა - 61:60. დარჩენილ დროში გამარჯვების მომტანი ქულები „ოლიმპს“ გუნდის ლიდერმა რეზო როგავამ მოუტანა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 64:61 გაიმარჯვა „ოლიმპმა“.

ამ შეხვედრაში 17 ქულითა და 13 მოხსნით ყველაზე შედეგიანი „ბათუმის“ მოთამაშე კახა ჯინჭარაძე იყო. მასპინძელთა მხრიდან ყველაზე მეტი 11-11 ქულა როგავამ და ამერიკელმა ლეგიონერმა ტრე ბურნეთმა დააგროვეს. ამ უკანასკნელმა დაგროვილ ქულებს 13 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

ოლიმპი - ბათუმი 64:61 (19:17, 14:20, 12:14, 19:10)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145145