ძიუდო

20:09 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპაში საუკეთესო ისევ საქართველოა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის 9-გზის ჩემპიონია. ვარშავაში დღეს დასრულებული ევროპის გუნდური პირველობა, გუშინ დასრულებული ინდივიდუალური პირველობის მსგავსად, საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა.

გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 3:2 დაამარცხეს.

ფინალი ვაჟა მარგველაშვილისა (66 კგ) და ანზაურ არდანოვის დაპირისპირებით დაიწყო და მარგველაშვილმა იპონით გახსნა ანგარიში. 73 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი უალი კურჟევს დაეჭიდა და ბეჭებზე დავარდა.

ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) სტანისლავ სემენოვთან დამატებით დროში ვაზარიზე დაეცა და რუსეთი 2:1 დაწინაურდა.

ბექა ღვინიაშვილმა მაგომედ მაგომედოვი ვაზარიზე დააგდო, შებოჭა და ანგარიში გათანაბრდა – 2:2.

წერტილი გურამ თუშიშვილმა დაუსვა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა რენატ საიდოვი საფირმო კისრულით გააკრა ტატამს – 3:2.

შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილმა საქართველოს ნაკრებმა ფინალამდე სამი მეტოქე ჩამოიშორა. საწყის შეხვედრაში იტალია დაამარცხა – 4:1. ასეთივე ანგარიშით აჯობა სერბეთსაც. ნახევარფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში, უკრაინას 3:2 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11499