კალათბურთი

21:27 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ქუთაისი" თასის ფინალშია

ვაჟთა შორის კალათბურთში 2016-2017 წლების საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ,,ქუთაისმა“ ,,რუსთავს“ უმასპინძლა. მართლია, რეგულარული ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ამ გუნდებმა მეორე-მესამე ადგილები ვადაზე ადრე გაინაღდეს და პლეი-ოფის ნახევარფინალურ სერიაშიც ერთმანეთს ეს გუნდები დაუპირისპირდებიან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გულშემატკივრები ამ შეხვედრაში დაძაბულ თამაშს ელოდნენ, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. ქუთათურებმა დიდი ანგარიშით 89:69 შეძლეს მეტოქის დამარცხება, ფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე ამჯერადაც ,,დინამო“ იქნება.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი მათი გამარჯვებით ანგარიშით 23:16 დასრულდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მეორე მეოთხედში ,,ქუთაისმა“ შეძლო პირველ მეოთხედში მიღწეული წარმატების შენარჩუნება და პირველი ტაიმი 43:36 დაასრულა.

მეორე ტაიმმა მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა, რომლებმაც დამაჯერებელი ანგარიშით 89:69 შეძლეს მეტოქის დამარცხება.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 22 ქულა სტუმართა ამერიკელმა ფორვარდმა ქეისი კასპერბაუერმა დააგროვა. ქუთაისელთა შორის 18 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით ყველაზე კარგი შედეგი გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ აჩვენა.

,,ქუთაისი“ - ,,რუსთავი“ 89:69 (23:16, 20:20, 26:17, 20:16)

0.115298