ჭადრაკი

17:28 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ბათუმში მულტიფუნქციური სპორტის სასახლე აშენდება

17 აპრილს თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა და ამავდროულად, 2018 წლის ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ჟურნალისტებს გააცნეს რიგაში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის შედეგები და წარმატება უსურვეს ქართველ დიდოსტატ ნანა ძაგნიძეს, რომელიც 6 ქულით ევროპის ჩემპიონობის რეალური კანდიდატია.

გიორგი გიორგაძემ ისაუბრა 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამზადისზე, აღნიშნა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანადგომა და სასიამოვნო სიახლეც გააჟღერა - აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2018 წლისთვის აშენდეს მულტიფუნქციური სპორტის სასახლე, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. შენობის ესკიზი ფაილის სახით გადაეცათ ჟურნალისტებს.

ასევე საუბარი იყო 2017 წლის სექტემბერში, საჭადრაკო მსოფლიო თასის გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც სტარტს 2 სექტემბერს თბილისში,”Check in Georgia” ფარგლებში, სასტუმრო „ჰუალინგში“ აიღებს და 28 სექტემბრამდე გასტანს. მსოფლიო საჭადრაკო თასი თბილისში თავს მოუყრის მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებს მსოფლიო ჩემპიონის, მაგნუს კარლსენის გარდა.

პრესკონფერენციის დიდი ნაწილი ფიდე-ში ბოლო დროს განვითარებულ გახმაურებულ მოვლენეს დაეთმო - მათ შორის, ფიდე-ს პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვის არაფორმალურ შეხვედრას აფხაზეთის თვითგამოცხადებული საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტთან, რომელსაც ილუმჟინოვმა სიგელიც კი გადასცა. ამ ფაქტს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციიდან მოჰყვა საპროტესტო წერილი, რომლის შედეგადაც კირსან ილუმჟინოვმა საქართველოს ბოდიში მოუხადა, ხოლო ფიდე-ს საპრეზიდენტო საბჭომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ერთადერთ სუვერენულ ორგანოდ აღიარა.

ფიდე-ში განვითარებულ მოვლენებზე უფრო ვრცლად ილაპარაკა საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, რომელმაც უპრეცედენტო მოვლენაზე - ფიდე-ს საპრეზიდენტო საბჭოს ორი კვირის ინტერვალში 2-ჯერ შეკრებაზე გაამახვილა ყურადღება. შეეხო პრეზიდენტ ილუმჟინოვის გადადგომა-არგადადგომის საკითხს, და აღნიშნა რომ 10 აპრილს გამართულმა საპრეზიდენტო საბჭომ ილუმჟინოვს ყველანაირი ადმინისტრაციულ-ფინანსური და წარმომადგენლობითი ფუნქციები შეუჩერა. გააჟღერა ის ფაქტიც, რომ რუსეთის ისთაბლიშმენტი დაინტერესებულია, ფიდე საკუთარი ინტერესების პოლიგონად აქციოს და თავად ამჟამინდელი პრეზიდენტიც რუსეთის მხრიდან სერიოზული წნეხის ქვეშაა.

ზურაბ აზმაიფარაშვილს არ დაუმალავს, რომ მან მიიღო შეთავაზება, 2018 წელს საკუთარი კანდიდატურაც წარადგინოს ფიდეს პრეზიდენტობაზე, თუმცა მას გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან აცნობიერებს, თუ რაოდენ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული ყველაფერი ეს.

ამასთანავე, ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, სათანადო დონეზე გაიმართოს 2018 წელს ოლიმპიადის პარალელურად მსოფლიო და კონტინენტთა საპრეზიდენტო არჩევნები და რომ საქართველო მზადაა, ყველა კანდიდატისთვის შექმნას ღია სივრცე და თანაბარი პირობები.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - რუსეთი, რომელმაც 2020 წელს თავის ქვეყანაში უნდა უმასპინძლოს ოლიმპიადას, შეეცდება თუ არა საფრთხე შეუქმნას ბათუმში დაგეგმილ ოლიმპიადას, ზურაბ აზმაიფარაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და ძალისხმევით, მსგავსი საფრთხის ნიშნებს ვერ ხედავს. ამას გარდა, საქართველო ყველასთვის მისაღები ქვეყანა იქნება, სადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაიმართება.

დასასრულს, გიორგი გიორგაძემაც დასძინა, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია პირნათლად ასრულებს ფიდე-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პუნქტს და, შესაბამისად, იმედოვნებს, რომ 2018 წელს ბათუმის ოლიმპიადა ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს საჭადრაკო ისტორიაში.

სოფო ნიკოლაძე

0.117613