ფეხბურთი

17:22 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” გამარჯვების გემო გაიხსენა, ჩემპიონი კრიტიკულ ვითარებაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის გამორჩეულ მატჩში “დინამო” თბილისმა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მოქმედ ჩემპიონ “სამტრედიასთან” “ეროსი მანჯგალაძის” სტადიონზე.

საერთოდ, შეხვედრა ძალზე კარგი სანახავი გამოდგა და ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა სახიფათო მომენტები. თუმცა, გაცილებით უკეთ ირჯებოდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში კახა კაჭარავას შეგირდები და საბოლოოდ, დამსახურებულად მოიპოვეს სამი ქულა.

პირველი ტაიმი მაღალ ტემპში წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა. ჯერ იყო და დავით ჩაგელიშვილმა გაისროლა შორი დისტანციიდან და სერგეი ლიტოვჩენკოს ორჯერ მოუწია ამ ეპიზოდში თამაშში ჩართვა, რომ საკუთარი გუნდი გოლისგან გადაერჩინა. “დინამომ” მასპინძელთა იერიშს მალევე უპასუხა: საბა ლობჟანიძემ ითამაშა ჩინებულად და საჯარიმოს მისადგომებიდან ეშმაკურად დაარტყა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილმა ითამაშა დამაჯერებლად.

გია ცეცაძის გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა მთელი ტაიმი და ძირითად დროს მეტოქის საჯარიმოსთან ატარებდა. გოლის გატანაც რამდენჯერმე შეეძლო, მაგრამ ლიტოვჩენკო დამაჯერებლად მოქმედებდა. ერთ ეპიზოდში ახლო მანძილიდან აუღო ჩაგელიშვილს. “დინამომ” ტაიმის ბოლოს შეძლო წინ გასვლა – ლაშა თოთაძემ ახლო მანძილიდნა თავით ვერ დაარტყა, მაგრამ საგოლე გადაცემა კი გამოუვიდა, რადგან იქვე მდგომ ბექა მიქელთაძეს მიუვიდა ბურთი, რომელმაც 10 მეტრიდან ერთი შეხებით იმერელთა კარის ცხრიანი დალაშქრა. შესაბამისად, ანტრაქტზე თბილისელები გავიდნენ დაწინაურებულნი.

მეორე ნახევარი “სამტრედიას” დიდი უპირატესობით დაიწყო და კარგა ხანს ასე გაგრძელდა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბერვჯერ ეცადა ანგარიშის გათანაბრებას და ორჯერ ძალიან ახლოსაც იყო მიზანთან: ჯერ გიორგი მჭედლიშვილის ლამაზი დარტყმა ხარიხამ აისხლიტა, ხოლო ცოტა ხანში ნიკა სანდოხაძის საჯარიმო ცხრიანიდან გამოაძრო ლიტოვჩენკომ. საერთოდ, მეორე ტაიმის პირველ 25 წუთში “დინამო” მეტოქის ნახევარზე ფაქტობრივად ვერ გადადიოდა, თუმცა, შეხვედრის ბოლო ოც წუთში ყველაფერი შეიცვალა. ჯერ იყო და ბაჩანა არაბულის წამოწყებულ კონტრშეტევას საბა ლობჟანიძე აგვირგვინებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან მცირედით ააცილა კარს. სამაგიეროდ, 75-ე წუთზე საბამ შეცდომა გამოასწორა და ყველაფერს წერტილი დაუსვა – გიორგი პაპუნაშვილის ჩაწოდებული ჯარიმის დროს ლობKჟანიძემ შესაშური საგოლე ალღო გამოავლინა და მცველებს დაუსხლტდა – 0:2. ამ ეპიზოდში აღსანიშნავია მასპინძელთა უყურადღებო თამაში, რადგან ლობჟანიძეს არავინ მეურვეობდა და ლოგიკური იყო, რომ შეტევა გოლით დასრულდა. აღნიშნულმა გოლმა მატჩის ინტრიგა მოკლა და დარჩენილ დროში გამოსარჩევი არაფერი მომხდარა.

შესაბამისად 4 ტურის თავზე “დინამოს” 6 ქულა დაუგროვდა და ორმატჩიანი წაგებების სერიაც დაასრულა. სამაგიეროდ, რთულ მდგომარეობაშია “სამტრედია” – საქართველოს მოქმედ ჩემპიონს მხოლოდ 4 ქულა აქვს, რაც რა თქმა უნდა, დადებით შედეგად ვერ ჩაითვლება. ისიც აღსანიშნავია, რომ განვლილი ოთხი მატჩიდან ცეცაძის გუნდმა სამი საკუთარ მოედანზე ჩაატარა. “დინამო” მეოთხე ადგილამდე აღზევდა, ხოლო “სამტრედია” მერვე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

მეხუთე ტურში “დინამო” თბილისი “ჩიხურას” უმასპინძლებს, ხოლო “სამტრედია” თბილისში, “საბურთალოს” ესტუმრება. ორივე მატჩი 5 აპრილს გაიმართება.

რაც შეეხება მეოთხე ტურს - იგი დღეს "ჩიხურასა" და "დინამო" ბათუმის მატჩით დასრულდება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

“სამტრედია” – “დინამო” (თბ) 0:2 (0:1)

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

მაყურებელი: 2 000

“სამტრედია” (4-2-3-1): მიგინეიშვილი; სუხომლინოვი (მჭედლიშვილი 46), სანდოხაძე, გოგიაშვილი, ახალაძე; დათუნაშვილი, კასრაძე (ჯიქია 58); სამუშია (ბერიაშვილი 69), მარკოზაშვილი, რაჟამაშვილი; ჩაგელიშვილი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

“დინამო” (თბ) (4-2-3-1): ლიტოვჩენკო; მიშენკო (სალუქვაძე 89), ლოჩოშვილი, გველესიანი, თოთაძე; ქარდავა, ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 69); ლობჟანიძე, არაბული (კუცია 84), ზარია; მიქელთაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 0:1 მიქელთაძე (40), 0:2 ლობჟანიძე (75)

გაფრთხილება: ჩაგელიშვილი (67) - მიშენკო (27), გველესიანი (54), თოთაძე (65)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

1. საბურთალო 4 3 0 1 4:4 9
2. ჩიხურა 3 2 1 0 4:1 7
3. ლოკომოტივი 4 2 1 1 5:4 7
4. დინამო (თბ) 4 2 0 2 4:3 6
5. კოლხეთი 4 2 0 2 8:5 6
6. ტორპედო 4 1 2 1 4:4 5
7. დილა 4 1 1 2 2:3 4
8. სამტრედია 4 1 1 2 2:4 4
9. დინამო (ბთ) 3 1 0 2 2:3 3
10. შუქურა 4 0 2 2 5:9 2
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.312192