ჭიდაობა

12:21 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სამბოს მორიგი ტრიუმფი (+VIDEO)
ნინო ოძელაშვილის კიდევ ერთი ტიტული და ეშხიანი ცეკვა

24-25 მარტს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სამბოში მსოფლიო თასის მორიგი გათამაშება გაიმართა.

ეს ტურნირი ჭიდაობა სამბოს შემქმნელის და ფუძემდებლის ანატოლი
ხარლამპიევის სახელს ატარებს და ისეთივე პრესტიჟულია როგორც ძიუდოში
ტოკიოს ან პარიზის გრან სლემი.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა
ჯონდო მუზაშვილმა რუსეთში მხოლოდ ოთხი სპორტსმენი იახლა და რაოდენ
სასიხარულოა, რომ ოთხივემ მოახერხა მედლების მოპოვება.
ნინო ოძელშვილი (VIDEO) (-72კგ) და ელენე ქებაძე (VIDEO)(+80კგ) ოქროს მედლების
მფლობელები გახდნენ, დავით ლორიაშვილმა (-100კგ) მხოლოდ ფინალური
შეხვედრა დათმო, ხოლო ბექა ბერძენიშვილმა (+100კგ) ბრინჯაოს მედალი
დაისაკუთრა.
ჩვენმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში გოგონებში მეორე ადგილი დაიკავა.
არადა მოსკოვის "ლუჟნიკების" მცირე არენაზე საასპარეზოდ მთელი მსოფლიოდან
27 ქვეყნის 300 სპორტსმენზე მეტი იყო ჩასული.
ხარლამპიევის მსოფლიო თასი როგორც წესი მარტის თვეში ტარდება და მაისში
გასამართი ევროპის ჩემპიონატის წინ გენერალურ რეპეტიციად განიხილება.
განსაკუთრებით ბებერი კონტინენტის ნაკრებებს ყოველთვის უძლიერესი
შემადგენლობები ჩაჰყავთ, რომ პრესტიჟულ შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზონ
და წლის ერთ-ერთი მთავარი სტარტისთვის კარგი განწყობა შეიქმნან.
შარშან მოსკოვში გოგონებში ანალოგიური შედეგი ვაჩვენეთ. მაშინ ჩემპიონობა
ნინო ოძელაშვილმა და შორენა შარაძემ (-60კგ) მოიპოვეს.
ნინო ოძელაშვილმა ამჯერადაც საუცხოოდ იასპარეზა. ევროპის მოქმედი
ჩემპიონი პირველ ორ შეხვედრაში სულ წამებში გაუსწორდა ამერიკელ და
თურქმენ მეტოქეებს.
26 წლის ქართველი გოგონას ჭიდაობა მართლაც აღტაცებას იწვევდა. მან
ოთხქულიანი გდებების კორიანტელი დააყენა, რითაც დარბაზში შეკრებილი
უამრავი მაყურებლის განსაკუთრებული სიმპატია დაიმსახურა.
ოძელაშვილისგან კარგი დღე არც ფინალში გასულ რუსთა ფალავანს გურციევას
ელოდა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 29 წლის რუსი კარიერის
განმავლობაში ძირითადად ერთით დაბალ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, თუმცა
ეს ქართველის გამარჯვებას ოდნავადაც არ აკნინებს.
ნინომ ფინალური შეხვედრაც ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, ვადამდე ადრე
მოუმთავრა საქმე გურციევას და გამარჯვების აღსანიშნავად ლეიბზე მისთვის
უკვე ჩვეული საფირმო სალტოები და ეშხიანი ცეკვა შეასრულა(VIDEO).
განსაკუთრებით აღსანიშნავია ელენე ქებაძის წარმატებული გამოსვლა. ჩვენი
მძიმეწონოსანი ორი წელია რაც უფროსებში გადავიდა და უკვე დაიმსახურა
ერთ-ერთი საუკეთესო სამბისტის სახელი.
ფინალში 22 წლის ქართველს მრისხანე მეტოქე ელოდა რუსი მსოფლიოს და
ევროპის არაერთგზის ჩემპიონის ანა ბალაშოვას სახით. სლავი მოჭიდავე
პლანეტის უძლიერეს ათლეტად ითვლება და რა გასაკვირია ელენეს მასთან პირად
შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი რომ აქვს.
2015 წელს მსოფლიოს ფინალიც მასთან დავთმეთ, ძიუდოშიც აჯობა ქებაძეს და
ზოგადად ძალიან უხერხული მოწინააღმდეგეა.
ქებაძის გამარჯვება სწორედ ამიტომაა ორმაგად სასიხარულო. ის არც ადრე
ეპუებოდა აღიარებულ ჩემპიონს და უშეღავათო ბრძოლებში მარცხდებოდა მხოლოდ.
ამჯერად კი ჯონდო მუზაშვილის დარიგებებმა გაჭრა- ელენემ ჭკვიანურად
იჭიდავა. თავისი საფირმო ჩახტომით ორქულიანი გდება აართვა რუსს და შემდომ
ვირტუოზულად მიიყვანა შეხვედრა გამარჯვებამდე, რითაც პირთამდე სავსე
დარბაზი სრულიად დაადუმა.
რუსებს ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ ოძელაშვილთან მათი ფალავნის მარცხი
ვერ მოენელებინათ , რომ მეორედ დადგნენ ფაქტის წინაშე - კიდევ ერთმა
ქართველმა გოგონამ ააჟღერა ჩვენი ჰიმნი იქაურ დარბაზში(VIDEO).
ცუდად არც ვაჟებში გამოვსულვართ. 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დავით
ლორიაშვილი ფინალში დამაჯერებლად გავიდა ორი შეხვედრის ჩინებულ სტილში
მოგებით.
არც რუს კურგინიანთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში გამოიყურებოდა ურიგოდ.
მეტიც ინიციატივასაც ფლობდა, თუმცა მსაჯებმა ოდნავი სიმპატიები
მასპინძლის სასარგებლოდ გამოავლინეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა ჩვენი
ფალავნის დასამარცხებლად.
მძიმეწონოსანი ბექა ბერძენიშვილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო თასის
შარშანდელი გამარჯვებულია. მან პლანეტის უპირველეს ფორუმებზეც კარგად
იასპარეზა და დამსახურებულად ჩამოყალიბდა ყველასათვის ანგარიშგასაწევ
სამბისტად. თუმცა ამჯერად კენჭისყრაში არ გაუმართლა. პირველივე
შეხვედრაში რუსთა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ოსიპენკოს გადაეყარა და ვერც
ამჯერად მოახერხა მისი დამარცხება.
მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა წლევანდელ მსოფლიოს თასზე მშვენიერი
შთაბეჭდილება დატოვა, რაც იმის იმედს გვაძლევს რომ მაისში ევროპის
პირველობაზე მინიმუმ შარშანდელი შედეგის გამეორებას შევძლებთ.

0.110973