კალათბურთი

16:51 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

„დინამომ“ მორიგი შეხვედრა მოიგო

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტურს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.

პირველები პარკეტზე ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი „დინამო“ და „ბათუმი“ გავიდნენ. ზღვისპირელებმა მიმდინარე ჩემპიონატი კარგად დაიწყეს და თავიდან პირველ ოთხეულში იმყოფებოდნენ. შემდეგ რამდენიმე შეხვედრა წააგეს, ამერიკელი ლეგიონერი ფელჩერიც გამოეთიშა ჩემპიონატს ტრავმის გამო და ახლა „ბათუმს“ პლეი-ოფში მოხვედრა ოცნებად აქვს გადაქცეული. რაც შეეხება „დინამოს“, ამ გუნდმა ეს ამოცანა უკვე კარგა ხანია შეასრულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გამარჯვება „ბათუმს“ უფრო სჭირდებოდა, მაგრამ „დინამომ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთ ყველაზე რეალური კანდიდატია - დიდი ანგარიშით, 95:64 შეძლო მეტოქის დამარცხება. მთელი შეხვედრის განმავლობაში მასპინძლები ლიდერობდნენ და მათი გამარჯვება ერთი წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 21 ქულა დინამოელმა მიხეილ ჭოჭუამ მოიპოვა. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანები უკრაინელი ლეგიონერები იგორ კრივცოვი და ილია შემოსიუკი იყვნენ. კრივცოვმა 15 ქულა დააგროვა, შემოსიუკი მას 1 ქულით ჩამორჩა.

ამჟამად მიმდინარეობს „სოხუმისა“ და „ქუთაისის“ შეხვედრა.

„დინამო“ – „ბათუმი“ 95:64 (24:14, 23:17, 26:14, 22:19)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116093