ფეხბურთი

0:58 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: სირბილაძის გოლი, ანანიძისა და კვირკველიას დაპირისპირება

რუსულ პრემიერლიგაში მოსკოვური დერბი შედგა და ქართველებმაც ითამაშეს: "ლოკომოტივი"-"სპარტაკი" 1:1. სოლომონ კვირკველიამ "ლოკოს" მაისურით კვლავ სრულად ითამაშა და სასტარტოში დაბრუნდა ჯანო ანანიძეც, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. კარგად ითამაშა ჯანომ, სპარტაკელთა შეტევებს წარმართავდა. მატჩს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც დაესწრო...

"სპარტაკის" სათადარიგო იყო კიდევ ერთი ქართველი: რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქია. ჯანოსა და ჯიქიას გუნდი ლიდერობს, "ლოკომოტივი" კი მეათეზეა.

ჯაბა კანკავას "რეიმსმა" საფრანგეთის ლიგა2-ის საშინაო მატჩი წააგო: "ლანსთან" 0:2. ჯაბამ შეუცვლელად ითამაშა, რეიმსელები კი მესამე ადგილზე არიან და უძლიერესთა ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან.

გიორგი მაკარიძის "მორეირენსემ" შინ 1:1 ითამაშა აუტსაიდერ "ტონდელასთან" და პორტუგალის უმაღლეს ლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა, ლიგიდან კი ორი გუნდი ვარდება. მაკარიძემ ორი რთული ბურთი მოიგერია.

პოლონეთში "პიასტმა" 3:2 მოუგო "არკას". დამარცხებულთა შორის არ უთამაშია ლუკა ზარანდიას, თუმცა განაცხადში იყო: ტრავმირებული გახლდათ და ამიტომაც, ჯერ მოერიდნენ დატვირთვების მიცემას.

მაკედონიაში ჯაბა ჯიღაურის "ვარდარმა" სტუმრად 5:0 მოუგო "გპ მაკედონას" და ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ჯიღაურს გოლი არ გაუტანია, ისე კი, 90 წუთი ითამაშა.

ფინეთის თასზე ირაკლი სირბილაძემ გაიტანა, თუმცა მისმა გუნდმა, "კპვ კოკოლამ" 2:4 წააგო "ილვესთან". სხვათა შორის, ირაკლის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა.

0.061674