გახსოვთ ბექა გოცირიძე? 17 წლისა იყო, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, მოგვიანებით ძირითად შემადგენლობაშიც დაიმვიდრა ადგილი და ერთი დასამახსოვრებელი გოლიც აქვს გატანილი - უელსთან სტუმრად ამხანაგურში, ბოლო წუთზე, 2:1 მოვიგეთ.
ბექა გოცირიძე თავიდან 'ამერში" იყო, მერე "ზესტაფონში" მოიპოვა სახელი და გადავიდა "დნიპროში". 2009 წლის ზაფხულს ავტოავარიაში მოჰყვა, რვე თვის შემდეგ დაუბრუნდა ფეხბურთს, მაგრამ რა თქმა უნდა, უკვე სხვა ბექა იყო, უთამაშებლობამ ფორმიდან ამოაგდო, წონაშიც მოიმატა...
შემდეგ რამდენჯერმე სცადა ფეხბურთში დაბრუნება, გორის "დილაშიც" იყო, თუმცა ვერ ახერხებდა ფორმის დაბრუნებას.
ახლა 28 წლისაა, საგარეჯოს "გარეჯში" მივიდა, 7 კილოგრამი დაიკლო. დღეს, საქართველოს თასის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში ბექამ ორი გოლი გაიტანა. საგარეჯოელებმა 4:2 მოუგეს "თბილისი სითის" და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ცნობისთვის, "გარეჯიც" და "თბილისი სითიც" რეგიონულ ლიგაში (რანგით მეოთხე) არიან.
"ზესტაფონსა" და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გოლი მრავლად გაჰქონდა, მაგრამ ერთი მაინც გამორჩეული იყო: რისეთის 21-წლამდელებს თბილისში რომ გაუტანა - გზად სამი-ოთხი რუსი ჩამოიტოვა.
საუკეთესო დრო წასულია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ საქართველოს ერთ დროს უნიჭიერესი ფორვარდი ფეხბურთს დაუბრუნდა.









