ფეხბურთი

22:15 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: გოლი ლიტვაში, მაკარიძის მშრალი მატჩი

პორტუგალიაში მშრალი მატჩი ჩაატარა გიორგი მაკარიძემ: "მორეირენსე"-"ბოავიშტა" 0:0. გიორგის გუნდი ბოლოდან მესამე ადგილზეა, ლიგიდან კი ორი გუნდი ვარდება.

უკრაინაში "დნიპრო"-"ჩერნომორეცი" 1:1 დასრულდა. ოდესელთა ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ბოლო წუთზე გააძევეს მეორე ყვითელი ბარათის გამო. ჯერ უხეშობისთვის გააფრთხილეს, მერე - ხელით თამაშისთვის.

პოლონეთში "არკამ" სტუმრად 1:1 ითამაშა "კრაკოვიასთან" და მეათე ადგილზეა. ჩვენთვის საინტერესო არაფერი მომხდარა, ლუკა ზარანდია განაცხადში არ იყო, რისი მიზეზიც ტრავმაა. მან წინა ტურიც ტრავმის გამო გამოტოვა.

ლიტვაში პირველი ტური გაიმართა და ქართველმა გაიტანა. "იონავაში" გადასულმა დავით მაკარაძემ "სუდუვასთან" (3:3) გამოიჩინა თავი. მაკარაძე 22 წლისაა, თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში იზრდებოდა, შემდეგ პოლონეთის პირველი ლიგის "ვიგრი შუვალკიში" თამაშობდა. მაკარაძე "სუდუვასთან" 65-ე წუთზე შევიდა მინდორზე და გოლი 5 წუთში შეაგდო.

უნგრეთში ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" სტუმრად 0:3 წააგო "დებრეცენთან" და ბოლოსწინა პოზიციაზეა. დაუშვილს სათამაშო პრაქტიკა მუდმივად აქვს, ამჯერადაც 90 წუთი გაისარჯა.

და დებიუტზეც: რუსეთის პრემიერლიგაში "ორენბურგმა" 3:0 მოუგო ტულის "არსენალს". მასპინძელთა შორის ბოლოს, 85-ე წუთიდან ითამაშა ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ. "არსენალის" რიგებში გია გრიგალავა არ გამოჩენილა.

0.117873