კალათბურთი

10:40 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძემ და შერმადინმა "ანდორას" ულიდერეს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XXII ტურში დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა ქართველების “მორაბანკ ანდორა” – ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის გუნდი გასვლაზე “ობრადოიროსთან” ორი ქულის სხვაობით, 84:86 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 61:61 დასრულდა, ხოლო გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო ორი ოვერტაიმის გამართვა გახდა საჭირო.

“ანდორას” ქართველმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა პარკეტზე 34 წუთი გაატარა და ისეთი შედეგიანობით ამჯერად ვერ გამოირჩა, როგორსაც ბოლო დროს შეგვაჩვია: 13 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, ექვსიდან ხუთი საჯარიმო), 9 მოხსნა (7 საკუთარ, 2 მეტოქის ფარზე). ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24 შეადგინა და ეს თანაგუნდელებს შორის, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ.

რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს – ისიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 26:33 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ბექამ საკუთარ გუნდს 18 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი შესძინა. ბურჯანაძემ ექვსიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ორიდან ერთი საჯარიმო, ხოლო ხუთი სამქულინიდან სამი მოათავსა კალათში. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, 15 ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ბექა თანაგუნდელებს შორის ყველაზე შედეგიანი იყო.

“მორაბანკ ანდორას” 20 თამაშში მოპოვებული 10 გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112306