კალათბურთი

18:52 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერთპიროვნული ლიდერი ერთპიროვნულმა აუტსაიდერმა შეაჩერა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერი „მგზავრები“ ერთპიროვნულ ლიდერ „დინამოს“ შეხვდა, რომელსაც ამ სეზონში ჯერ წაგება არ ჰქონდა. როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა დინამოელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი მეოთხედი 7 ქულის სხვაობით 18:11 მოიგეს. ამის შემდეგ „დინამომ“ ნაადრევად ირწმუნა, რომ მიმდინარე სეზონში მორიგ გამარჯვებას მოიპოვებდა და დაისაჯა კიდეც. მეორე მეოთხედში „მგზავრებმა“ არა მარტო გაათანაბრეს ანგარიში, არამედ წინ გასვლაც მოახერხეს და პირველი ტაიმი ორი ქულის სხვაობით 39:37 მოიგო. მეორე ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. „მგზავრებმა“ შეძლეს პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და მეტოქე 3 ქულის სხვაობით 80:77 დაამარცხეს. მიმდინარე ჩემპიონატზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ სეზონში „დინამოსთვის“ ეს პირველი წაგებაა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 20 ქულა „მგზავრების“ ამერიკელმა ლეგიონერმა, უკანახაზელმა კორი ალენმა დააგროვა. 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი და თანამემამულე, ცენტრალური თავდამსხმელი რეჯინალდ მერფი. დინამოელთა შორის 16-16 ქულით ყველაზე შედეგიანები ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი და ცენტრალური თავდამსხმელი, გუნდის კაპიტანი ილია ლონდარიძე იყვნენ. კარგი შედეგი აჩვენა მათმა თანაგუნდელმა, უკანახაზელმა დეონტა ვონმა, რომლის ანგარიშზეც 11 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასია.

ამჟამად მიმდინარეობს „სოხუმი“–„კაკტუსის“ შეხვედრა.

მგზავრები - დინამო 80:77 (11:18, 28:19, 18:18, 23:22)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114904