კალათბურთი

10:44 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული "მართვე" გახდა

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის ორგანიზებით 19-21 თებერვალს საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი 16-წლამდელთა შორის ჩატარდა და მას წერეთლის გამზირზე მდებარე ზაზა ფაჩულიას აკადემიამ უმასპინძლა.

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა გუნდებმა - „მართვემ", „სოხუმმა“, „ზაზა 2“-მა და სომხეთის 16-წლამდელთა ნაკრებმა. გათამაშების ფორმატი მარტივი გახლდათ. ოთხმა გუნდმა ერთმანეთში ერთ წრედ ითამაშა და ქულათა მაქსიმუმის მომგროვებელმა პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირზე სამივე მატჩი მოიგო და ჩემპიონი გახდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ზურა ტომარაძის გაწვრთნილი „მართვე“. გადამწყვეტ მატჩში, რომელიც ტურნირის ბოლო დღეს, 21 თებერვალს შედგა, მართველებმა 87:79 დაამარცხეს „სოხუმი“ და „ზაზა ფაჩულიას აკადემიის“ დირექტორისგან, გიორგი ალავიძისგან საჩემპიონო თასი ჩაიბარეს.

ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა მეორეადგილოსანმა „სოხუმმა“ „მართვეს“ გარდა ორივე ოპონენტს - „ზაზა 2“-ს და სომხეთის ნაკრებს მოუგო. მასპინძელი „ზაზას აკადემია“ ტურნირზე მეორე გუნდით გამოდიოდა და საწყისი 2 მატჩი - „მართვესთან“ და „სოხუმთან“ წააგო, რის შემდეგაც პირველობის შანსი დაკარგა. მესამე ადგილისთვის მატჩის ტოლფას ბოლო ტურის შეხვედრაში ლაშა თოიძის გაწვრთნილმა „ზაზა 2“-მა სომხეთის ნაკრებს შანსი არ დაუტოვა - 93:47 დაამარცხა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

როგორც ტურნირის ორგანიზატორი „ზაზა ფაჩულიას აკადემიის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, მომავალში კიდევ იგეგმება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ტურნირების გამართვა, რომლებიც უფრო მასშტაბური იქნება როგორც მონაწილეთა რაოდენობით, ისე რეგიონალური თვალსაზრისით.

საერთაშორისო ოთხთა ტურნირი.

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია. 19-21 თებერვალი

19 თებერვალი

მართვე - სომხეთი 87:47

ზაზა - სოხუმი 69:86

20 თებერვალი

სომხეთი - სოხუმი 74:84

ზაზა - მართვე 59:68

21 თებერვალი

სოხუმი - მართვე 79:87

ზაზა - სომხეთი 93:47

0.254624