ავტოსპორტი

17:52 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ზაუბერი“ – 25 წელი ფორმულა 1-ში

სწორედ ასეთი წარწერა ამშვენებს შვეიცარიული გუნდის ახალ ბოლიდს - C36-ს, რომლითაც ის ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონში იასპარეზებს. „ზაუბერი“ პირველი გუნდია, რომელმაც თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი გაგვაცნო. ავტომობილი ძირითადად ისევ ლურჯად არის გაფორმებული, თუმცა ამჯერად ლურჯს თეთრი და ოქროსფერიც შეუხამდა.

„ზაუბერამდ“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის ერთი ფოტო „უილიამსმაც“ გამოაქვეყნა. „ზაუბერ C36“ ახალი რეგლამენტის მიხედვით არის შექმნილი და შესაბამისად, განბარიტებში გაიზარდა. შეიცვალა ცხვირის ფორმა, უკანა ანტი ფრთის სიმაღლე და ფორმა, ასევე გვერდითა დეფლექტორები და რადიატორების კორპუსები, რომელთა ჰაერის ამღების ჭრილების განივკვეთი შემცირებულია. ახალი გაბარიტების შესაბამისად, შეიცვალა სხვა აეროდინამიკური ელემენტებიც.

ახალი ავტომობილი, „ფერარის“ შარშანდელი ძრავის ბოლო სპეციფიკაციით არის აღჭურვილი, რომელიც თავისი მონაცემებით მხოლოდ „მერსედესის“ აგრეგატს ჩამორჩებოდა. თუმცა, ძრავების სრულყოფის ჟეტონური სისტემის გაუქმების გამო, ახალი ძრავი გაცილებით უკეთესი უნდა იყოს. ამიტომ, „ზაუბერს“ ამ სეზონშიც არ ექნება სერიოზული პროგრესის რეალური შანსი. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი გუნდმა ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე დაასრულა და მხოლოდ „მენორს“ მოუგო, რომელიც გაკოტრდა და ახალ სეზონს დააკლდება.

თუმცა მთავარი ისაა, რომ გასული სეზონის შუაგულში გუნდმა შეძლო ახალი ინვესტორის (ლონგბოუ ფაინენსი) მოზიდვა, რომელმაც „ზაუბერის“ შეფი მონიშა კალტენბორნი ოპტიმისტურად განაწყო. ახალი ტექნიკური დირექტორი იორგ ცანდერი (აუდიდან გადმოვიდა) ამბობს, რომ ახალი სეზონისთვის მზადებისას, აქცენტი აეროდინამიკაზე გაკეთდა, რათა ავტომობილს მაქსიმალურად შესაძლებელი ჩაჭიდება ჰქონდეს.

ცანდერის თქმით, „ფერარის“ ძველი ძრავმა ინჟინრებს იმის საშუალება მისცა, რომ ახალ მანქანაზე მუშაობა ადრევე დაეწყოთ. თან ეს აგრეგატი გამძლეობით გამოირჩევა, რაც გუნდისთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დამატებითი ცხენის ძალები და შემცირებული რესურსი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146201