საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის მესამე ტური რუსთავში ადგილობრივი ,,რუსთავისა“ და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ,,ქუთაისის“ შეხვედრით გაიხსნა. მიმდინარე ჩემპიონატში ,,ქუთაისსა“ და ,,რუსთავს“ შესაბამისად მეორე და მესამე ადგილები უკავიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე გულშემატკივრები დაძაბულ თამაშს ელოდნენ.
პროგნოზის შესაბამისად შეხვედრა დაძაბული გამოდგა. გულშემატკივრებმა ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ტაიმი იხილეს. გამოჯანმრთელების შემდეგ სტუმართა რიგებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცინცაძე და სერბი ლეგიონერი დრაგან ტუბაკი გამოჩნდნენ. პირველმა ტაიმმა სტუმრების უპირატესობით ჩაიარა, რომელიც კოტე ტუღუშის შეგირდებმა 8 ქულის სხვაობით 34:26 მოიგეს.
მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ. მესამე მეოთხედის შემდეგ ქვემოქართლელებმა ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანეს. მეოთხე მეოთხედმა ,,რუსთავის“ სრული უპირატესობით ჩაიარა, რომლებმაც ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ წინ გასვლაც მოახერხეს და დიდი ანგარიშით 75:63 შეძლეს ჩემპიონის დამარცხება.
ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი რუსთაველთა ამერიკელი ლეგიონერი ქეისი კასპერბაუერი იყო, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. თითო ქულით ნაკლები უკანახაზელმა რეზო ჩაჩანიძემ და ცენტრალურმა თავდამსხმელმა სერგო ათუაშვილმა მიითვალეს. ათუაშვილმა დაგროვილ ქულებს 11 მოხსნა შემატა და ამ თამაშში ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
სტუმართა შორის 11 ქულით ყველაზე შედეგიანი ბექა ბექაური იყო, 10-10 ქულა ტუბაკმა და აკაკი ლომოურმა დააგროვეს. ცინცაძემ გუნდს 8 ქულა შემატა.
,,რუსთავი“-,,ქუთაისი“ 75:63 (15:19, 11:15, 25:19, 24:10)