ფეხბურთი

19:11 | 23.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფრე უზბეკეთთან

საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბაის შეკრების პირველ სპარინგში უზბეკეთის ნაკრებს დაუზავდა – 2:2. “სევენს სთედიუმზე” გამართულ მატჩში ვლადიმირ ვაისის გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, რადგან ფიფას კალენდარული სათამაშო დღე არ გახლდათ. თუმცა, იგივე ითქმის მეტოქეზეც – უზბეკთა რიგებშიც ძირითადად ის ფეხბურთელები ირჯებოდნენ, რომელთაც დიდად თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ.

საბოლოოდ, შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ თვალსასეირო იყო. ამას ისიც დაემატა, რომ შეხვედრის რეპორტაჯი ფაქტობრივად არსად მოიძებნა გარდა უზებეკეთის ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქგვერდის ლაივისა, რომელზეც რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებდა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებმა ექსპერიმენტალური შემადგენლობით ფრე ითამაშა.

გოლებს რაც შეეხება – თავიდან უზბეკები დაწინაურდნენ: ტაიმის ბოლო წუთი იყო ელდარ შამურადოვმა საჰაერო ორთაბრძოლა რომ მოიგო საჯარიმოში და ანგარიში გახსნა. მთლიანობაში პირველი ტაიმი ძალზე მოსაწყენი სანახავი გამოდგა და ჩვენს ნაკრებს მეტოქის კართან ხიფათიც არ შეუქმნია. ასე გაგრძელდა მეორე ტაიმშიც, თუმცა პირველზე უკეთ კი გაისარჯნენ “ჯვაროსნები”. 69-ე წუთზე ბათუმის “დინამოს” კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა. მასვე მიბაძა მალევე საბა ლობჟანიძემ და თითქოს უნდა მოეგო საქართველოს. მაგრამ სწორედაც რომ, თითქოს. საპასუხო იერიში უზბეკეთის ნაკრებმა გოლით დაასრულა. თავი ისევ შამურადოვმა გამოიჩინა – 2:2.

დარჩენილ დროში არც არაფერი შეცვლილა. საქართველოს ნაკრები დუბაიში მეორე და დასკვნით სპარინგს 25 იანვარს, იორდანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო – უზბეკეთი 2:2 (0:1)

დუბაი, “სევენს სთედიუმი”

საქართველო: კვასხვაძე, უ. ლობჟანიძე, ხოჭოლავა, რეხვიაშვილი, შერგელაშვილი (ტაბიძე 89), შონია (მამასახლისი 83), კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 89), ს. ლობჟანიძე (ხარაიშვილი 82), არაბული (პარუნაშვილი 57), ტუღუში (დვალიშვილი 70), ზივზივაძე

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

უზბეკეთი: ლობანოვი, ახმედოვი, ანდრეიევი, ბიკმაიევი (მაშარიპოვი 57), ისკანდაროვი (აშურმატოვი 90), ხაშიმოვი, სერგეევი, შამურადოვი, შუკუროვი (კუტიბაევი 80), სოხიბოვი, ტუხახუჯაევი

მწვრთნელი: სამველ ბაბაიანი

გოლები: 0:1 შამურადოვი (45), 1:1 შონია (69), 2:1 ს. ლობჟანიძე (77), 2:2 შამურადოვი (78)

გაფრთხილება: უ. ლობჟანიძე (63), ხარაიშვილი (87) - შუკუროვი (22)

გაძევება: ახმედოვი (89)

მსაჯი: ჰამად ალი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115027