კალათბურთი

10:45 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: “ჩვეული გულმოდგინებით ვითამაშებთ, საქართველო რომ ვასახელოთ”
“ყოველთვის ვგრძნობ გულშემატკივრის სითბოსა და ყურადღებას, ეს პასუხისმგებლობაა”

“წლები, გამოცდილება, შრომა – არასდროს ვარღვევ პროფესიონალი სპორტსმენის რეჟიმს. ასევე, ხელს ძალიან მიწყობს ჩემი ოჯახი. ყოველთვის ვგრძნობ გულშემატკივრის სითბოსა და ყურადღებას. ეს პასუხისმგებლობაა. ალბათ, ეს არის ჩემი თამაშის განმსაზღვრელი”, - ეს გიორგი შერმადინის სიტყვებია.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და ესპანური “მორაბანკ ანდორას” ცენტრს დიდებული პერიოდი უდგას და კარიერაში გამორჩეულ სეზონს ატარებს. სახუმარო საქმე სულაც არაა, როდესაც ევროპის საუკეთესო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო მოთამაშედ გასახელებენ. არც ისაა სახუმარო, როდესაც თვით მადრიდის “რეალთან” ორმაგ დუბლს გაიფორმებ – 21 ქულა, 15 მოხსნა.

მანამდეც იყო ბრწყინვალე მატჩები და მათ შორის, გამოსარჩევი “ესტუდიანტესთან” შესრულებული “დაბლ-დაბლია” – 21 ქულა, 16 მოხსნა. მოკლედ, 27 წლის ქართველი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და ეს განსაკუთრებით გვახარებს, რადგან ნელ-ნელა ახლოვდება ევრობასკეტ 2017, რომელსაც ასე იმედიანად შევყურებთ ყველანი.

WORLDSPORT.GE გიორგი შერმადინს ესპანეთში დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა. გიორგიმ ჩვენთან საუბარში მიმდინარე სეზონი შეაფასა, საკუთარ თამაშზეც გააკეთა კომენტარი და დამდეგი ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შანსზეც ისაუბრა.

- პირველ ყოვლისა, როგორ შეფასებთ მიმდინარე სეზონს?

- ძალიან საინტერესოდ და დინამიურად ვითარდება მიმდინარე სეზონი. მაქსიმალურად დატვირთულები ვართ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად.

- როგორი სიტუაციაა “ანდორაში” და რა არის მიზანი ამ სეზონში?

- გუნდმა პროგრამა მინიმუმი უკვე შეასრულა და გავედით ესპანეთის თასზე, რაც “ანდორას” ისტორიაში პირველად მოხდა. ახლა, პროგრამა მაქსიმუმი გვაქვს დასაძლევი – 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა. ვნახოთ, რა გამოვა, თავს არ დავზოგავთ.

- წელს ჩინებულად ასპარეზობთ. ბოლო ტურში MVP-იც გახდით. როგორ ფიქრობთ, საუკეთესო სეზონია თქვენს კარიერაში და რა უდევს საფუძვლად ასეთ კარგ თამაშს?

- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. საფუძველს რაც შეეხება – წლები, გამოცდილება, შრომა – არასდროს ვარღვევ პროფესიონალი სპორტსმენის რეჟიმს. ასევე, ხელს ძალიან მიწყობს ჩემი ოჯახი. ყოველთვის ვგრძნობ გულშემატკივრის სითბოსა და ყურადღებას. ეს პასუხისმგებლობაა. ალბათ, ეს არის ჩემი თამაშის განმსაზღვრელი.

- ლიგა ენდესა ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატია. ასეთი თამაშის ფონზე თუ არის დაინტერესება უკეთესი გუნდებიდან?

- ჯერჯერობით ამაზე კომენტარის გაკეთება ნაადრევად მიმაჩნია. ამ ეტაპზე ჩემი მიზანია იმ გუნდის წარმატება, სადაც ვთამაშობ და დიდი ნდობით მეკიდებიან.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ გულშემატკივრებთან და არის თუ არა “ანდორას” თამაში აწყობილი გიორგი შერმადინზე?

- გულშემატკივრებთან თბილი დამოკიდებულება მაქვს და დიდ პატივს ვცემ. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, მასზე პასუხი თქვენთვის, პროფესიონალებისთვის მომინდვია.

- სანაკრებო თემას გვერდს ვერ ავუვლით: როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრების შანსს ევრობასკეტზე?

- საინტერესო და საკმაოდ დაძაბული თამაშები გველის. ვნახოთ, ჩვენ, ჩვეული გულმოდგინებით ვითამაშებთ, ვეცდებით იმედი არ გავუცრუოთ გულშემატკივარს და საქართველო ვასახელოთ.

- რომელია ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე და ამასთან, მთავარი კონკურენტი?

- არ მინდა რომელიმე გამოვყო. ვფიქრობ, ყველანი კარგად მომზადებულნი იქნებიან.

- რეალურად რა შედეგის ჩვენება შეუძლია საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე?

- წინასწარ პროგნოზის გაკეთება არ მინდა. რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებები მაქვს, მაგრამ თავს შევიკავებ. მთავარია, ღმერთის წყალობით ბიჭები ჯანმრთელად ვიყოთ, თითოეულმა ჩვენგანმა სრულად რომ შევძლოთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება.

- ილიას ზუროსის საწვრთნელ მეთოდებზე რას იტყვით, რა განსხვავებაა იგორ კოკოშკოვთან შედარებით და აქვს თუ არა, ნაკრებს პროგრესი?

- ყველა მწვრთნელს თავისი, ინდივიდუალური მეთოდები აქვს. თუმცა, მათი მიზნები იდენტურია. ვფიქრობ და ალბათ დამეთანხმებით, კოკოშკოვმა მასზე დაკისრებული მოვალეობა წარმატებით შეასრულა. რაც შეეხება ილიას ზუროსს, მანაც წარმატებით გააგრძელა დაწყებული საქმე და შესანიშნავად მიგვიყვანა გუნდი შარშანდელ გამარჯვებამდე. ასე რომ, ორივე მწვრთნელს მადლობა და წარმატებები მინდა ვუსურვო.

- და ბოლოს, რას ნიშნავს, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ გასახელებენ?

- პირველ ყოვლისა მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას ყურადღებისთვის და გულშემატკივრობისთვის. ეს უკვე სტიმულია ჩემთვის. რა თქმა უნდა, კალათბურთელისთვის ბევრს ნიშნავს და უდაოდ სასიხარულოა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის (ზედიზედ ორ სეზონში) საუკეთესო მოთამაშედ გასახელებენ. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ შევძელით ქართველებმა ჩვენი სამშობლო უცხოეთში პოზიტიურად წარმოგვეჩინა. აქვე მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მოგილოცოთ შობა-ახალი წელი საქართველოში. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ბარაქას გისურვებთ!

0.104846