ფეხბურთი

23:00 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დილა" ახალი ცხოვრებით  

გორის "დილას" ახალმა ხელმძღვანელობამ სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" პრესკონფერენცია გამართა. ძირითადად არიელ ავრამმა ისაუბრა, რომელიც კლუბის ერთ-ერთი მფლობელი გახლავთ. მის გარდა, ჟურნალისტებს წარუდგნენ კლუბის მფლობელთა წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ჯოხაძე; გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე და ახალი მთავარი მწვრთნელი ზივ არიე.

"დილა" რომ ისრაელის წარმომდგენელთა ხელშია, ეს უკვე გეცოდინებათ. ვნახოთ, როგორი იქნება კლუბის ბედი ახალი მფლობელების ხელში.

"კლუბი უსაფრთხოდ იქნება"

არიელ ავრამი: "ეს პროექტი სამი თვის წინ დავიწყეთ. ფინანსურად რთული სიტუაცია დაგვხვდა. მადლობა უნდა გადავუხადოთ "დილას" ყოფილ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს, რომელიც ჩვენი ძვირფასი მეგობარია, მაგრამ ამ ეტაპზე მასთან თანამშრომლობა გავწყვიტეთ. გვსურს, რომ გუნდის შემადგენლობა ახალგაზრდებისა და გამოცდილების ნაზავს წარმოადგენდეს. ყველანაირად ვეცდებით, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეთ და "დილას" ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებშიც დაწინაურდნენ.

...ეტაპ-ეტაპ ახალ ფეხბურთელებს წარმოგიდგენთ. სამ კვირაში შემადგენლობა სულ სხვაგვარი იქნება და მინდა გითხრათ, საკმაოდ მოძლიერებულიც. ვერ გეტყვით, რომ პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონები გავხდებით და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავალთ, მაგრამ ეტაპობრივად განვვითარდებით. უამბიციო არ გეგონოთ, შანსი თუ გამოგვიჩნდება, მაღალი მიზენისთვისაც ვიბრძოლებთ. უბრალოდ, არ გვსურს დაპირებები.

...ფეხბურთი რთული ბიზნესია, რომელშიც ჩართულნი არიან ჟურნალისტები და გუნდის გულშემატკივრები. რაც შეეხება კლუბში ინვესტიციას, არ იქნება მართალი, რომ ახლა ციფრებზე ვისაუბრო. ეს კერძო ბიზნესია და ციფრების დასახელების მიზეზს ვერ ვხედავ. ერთს ვიტყვი, რომ კლუბი უსაფრთხოდ იქნება.

...ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, საიდუმლო არაა, რომ "დილას" სხვა ქართული კლუბები უსწრებენ ამ კუთხით. კარგი ინფრასტრუქტურის გარეშე ძლიერი კლუბი ვერ ჩამოყალიბდება. გვქონდა და კიდევ გვექნება შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტთან, რომლებიც დაგვეხმარებიან და გამოიყოფა მიწა მოედნებისთვის".

მწვრთნელი ზივ არიე: "ჩემს ადგილზე უარს არავინ იტყოდა"

"დილას" ახალი მწვრთნელი ზივ არიე 45 წლისაა, თელ-ავივის "მაკაბის" 19-წლამდელებს თავკაცობდა, მერე კი იერუსალიმის "ბეითარის" 19-წლამდელებს წვრთნიდა. პრესკონფერენციაზე არიეს ბევრი არ უსაუბრია:

"ჩემი საქმე მწვრთნელობაა და ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. მოხარული ვარ აქ ყოფნით და წარმატების იმედი მაქვს. ფეხბურთელების დამატება? ჯერ არ დავაკონკრეტებ, მაგრამ როგორც უკვე ითქვა, გუნდი საკმაოდ მოძლიერდება. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ სასწაულს მოვახდენთ და ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გავალთ, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში მაღალი ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

...აქამდე პროფესიონალური გუნდის მთავარი მწვრთნელი არ ვყოფილვარ, მაგრამ ამბიციები არ მაკლია და არაერთი მწვრთნელი ყოფილა, რომლებიც გადასულან 19-წლამდელებიდან ზემოთ და წარმატებით უმუშავიათ. შანსი მომეცა და ჩემს ადგილზე უარს არავინ იტყოდა".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113348