კალათბურთი

19:15 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ კალათბურთს 2017 წელს სრული მხარდაჭერა ექნება

"2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაწყებულია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა ისრაელში წარმატებულად იასპარეზონ და ასახელონ საქართველო" - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსთან, ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან და გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან სამინისტროში 16 იანვარს გამართულ შეხვედრაზე.

სამინისტროში შეაჯამეს 2016 წლის შედეგები და ეროვნული ნაკრების მიღწევები, ასევე ისაუბრეს კალათბურთელთა ნაკრების სამომავლო გეგმებსა და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე. ყურადღება გამახვილდა მომავალი, 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ეტაპზეც, სადაც საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბრიდან ჩაერთვება.

"ამ შეხვედრაზე პირველ რიგში შევაჯამეთ 2016 წელი, რომელიც ცალსახად წარმატებული იყო ჩვენი კალათბურთელებისთვის. სწორედ ამიტომაც, კალათბურთის ეროვნული ნაკრები დასახელდა 2016 წლის საუკეთესო გუნდად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე. ქართველმა კალათბურთელებმა გულშემატკივრის გული კიდევ ერთხელ მოიგეს და ზედიზედ მეოთხედ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე.

ასევე ვისაუბრეთ 2017 წლის გეგმებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა კალათბურთელებმა წარმატებულად იასპარეზონ. ამისათვის მზადება დღეიდანვე დავიწყეთ კალათბურთის ფედერაციასთან და ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად. სამინისტრო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ჩვენს კალათბურთელებს იმისათვის, რომ გუნდი საუკეთესოდ მოემზადოს, მაღალ დონეზე შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს და ასახელოს საქართველო.

ზაზა ფაჩულია რა თქმა უნდა, გამორჩეული სპორტსმენი და პიროვნებაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანში სიამაყის გრძნობას იწვევს და სამაგალითოა ყველა სპორტსმენისთვის. ზაზამ სწორი არჩევანი გააკეთა და იმედია ეს არჩევანი მას როგორც NBA-ს ჩემპიონობით, ასევე ყველა ვარსკვლავის მატჩში თამაშით დაუფასდება. რა თქმა უნდ,ა თითოეული ჩვენგანი თითო ხმას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ზაზამ წარმოადგინოს საქართველო ამ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მიხელ გაბრიჩიძე: "ილიას ზუროსი საქართველოში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მადლობას ვუხდით ბატონ მინისტრს მიღებისათვის და ასეთი საინტერესო საუბრისათვის. სახელმწიფოს დახმარების გარეშე, რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნებოდა ქართული კალათბურთის და ზოგადად სპორტის განვითარება.

ასე რომ, მადლობას ვუხდით მთავრობას მხარდაჭერისათვის. შეხვედრა მართლაც საინტერესო გამოდგა, განვიხილეთ გასული წლის შედეგები და მიმდინარე წლის გეგმები. სახელმწიფოსთან ერთად მაქსიმალურად ვიზრუნებთ კალათბურთის პოპულარიზაციისათვის, ვიწყებთ მზადებას ევრობასკეტისათვის და ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის ნოემბრიდან პირველად ჩავერთვებით მსოფლიო თასის გათამაშების შესარჩევ ეტაპზე."

ილიას ზუროსი: "დიდი მადლობა როგორც სპორტისა და ახალგარდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაციას. გასულ სეზონზე ჩვენ, ერთი მთლიანი გუნდის პრინციპით ვიმუშავეთ და წარმატებული შედეგიც გვქონდა.

2017 წელს ჩვენ ყველანი ერთად წარმოვადგენთ საქართველოს ევრობასკეტზე, გუნდური მუაშაობა აუცილებლად გაგრძელდება, რადგან სხვანაირად გაგვიჭირდება მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა. რა თქმა უნდა, ყველანი ერთად მხარს ვუჭერთ ზაზა ფაჩულიას, ვფიქრობ მან დაიმსახურა NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში თამაში".

ევრობასკეტ 2017-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელის ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, იტალია და გერმანია იქნებიან. ევროპის ჩემპიონატის სტარტს 31 აგვისტოს აიღებს, 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში, ანუ მერვედფინალში 4 საუკეთესო გადის. პლეი ოფის მატჩები თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება, სადაც მოსახვედრად საქართველოს ნაკრებიც იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 13-15 აგვისტოს თბილისში ტრადიციულ მერიის თასზე იასპარეზებს, სადაც ისლანდიის, ბელგიისა და ჩეხეთის ნაკრებებს შეხვდება, ეროვნული გუნდი ასევე მონაწილეობას მიიღებს ლიტვისა და საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირებზე, ჯამში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე გამგზავრების წინ 9 მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე თამაშის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან და ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოსესიას სპორტული მედიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩში მოსახვედრად იბრძვის, ხმის მიცემის პროცედურა 17 იანვრამდე გრძელდება და გულშემატკივართა აქტივობისათვის 16 იანვარი ბოლო დღეა. საბოლოო შედეგები 20 იანვარს გამოქვეყნდება, "ყველა ვარსკვლავის მატჩი" კი 19 თებერვალს ნიუ ორლეანში ჩატარდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121106