ფეხბურთი

18:52 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივმა" 6 ფეხბურთელი დაიმატა

თბილისის "ლოკომოტივმა" 6 ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალი სეზონიდან დედაქალაქელთა ღირსებას დაიცავენ: ბექა ქურდაძე, თეიმურაზ ღონღაძე, გულვერდ თომაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ირაკლი სიხარულიძე და ნოდარ ქავთარაძე.

"ლოკომოტივთან" იჯარის ვადა დაუმთავრდა ლაზარე კუპატაძეს, რომელიც საბურთალოს საკუთრებაა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდი დატოვეს გიორგი კუხიანიძემ და გიორგი ფოფხაძემ, მათე ვაწაძეს კი კონტრაქტი დაუსრულდა. "ლოკომოტივი" მადლობას უხდის მათ გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში.


ინფორმაცია "ლოკომოტივის" ახალწვეულების შესახებ:

ბექა ქურდაძე

19 წლის გოლკიპერმა კარიერა თბილისის "საბურთალოში" 2013 წელს დაიწყო და 2017 წლამდე ამ კლუბის შემადგენლობაში თამაშობდა. თბილისის "ლოკომოტივსა" და ქურდაძეს შორის საიჯარო ხელშეკრულება 2017 წლის ბოლმდე გაფორმდა. ბექა საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრია და ახალგაზრული გუნდის მაისურით 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

თეიმურაზ ღონღაძე

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თეიმურაზ ღონღაძე გორის "დილას" შემადგენლობაში თამაშობდა. 31 წლის მცველი "დილაში" გადასვლამდე საჩხერის "ჩიხურასა" და "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა. ღონღაძე სხვადასხვა დროს "დინამო" თბილისის, რუსთავის "მეტალურგისა" და აზერბაჯანული "სიმურგის" ფეხბურთელი იყო. თბილისის "ლოკომოტივსა" და თეიმურაზ ღონღაძეს შორის კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გაფორმდა.

გულვერდ თომაშვილი

28 წლის ცენტრალურმა მცველმა საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატი "ცხინვალის" შემადგენლობაში გაატარა. სხვადასხვა დროს, თომაშვილი გორის "დილას", "სამტრედიას" და "დინამო" თბილისის წევრი იყო. "ლოკომოტივსა" და თომაშვილს შორის კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გაფორმდა.

გიორგი რეხვიაშვილი


28 წლის მცველი თბილისის "ლოკომოტივში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. გიორგი რეხვიაშვილმა უკანასკნელი ორი წელი საჩხერის "ჩიხურას" შემადგენლობაში გაატარა. მანამდე იყო თურქული "ბოლუსფორის" წევრი. სხვადასხვა დროს რეხვიაშვილი "დინამო" თბილისსა და რუსთავის "მეტალურგშიც" თამაშობდა.
თბილისის "ლოკომოტივმა" მასთან კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გააფორმა.

ირაკლი სიხარულიძე


26 წლის ფორვარდმა კარიერა "დინამო" თბილისში დაიწყო. ბოლოს ირაკლი სიხარულიძე ბოლნისის "სიონის" შემადგენლობაში თამაშობდა. 2015/2016 წლების სეზონი მან "სამტრედიას" შემადგენლობაში გაატარა, სადაც 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა. "სამტრედიამდე" სიხარულიძე "ზესტაფონში", რუსთავის "მეტალურგში", ბათუმის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა.

ნოდარ ქავთარაძე


24 წლის ნოდარ ქავთარაძეს მხოლოდ რუსულ გუნდებში უთამაშია. მან საფეხბურთო კარიერა მოსკოვის "ლოკომოტივის" 19 წლამდე გუნდში დაიწყო, შემდეგ იყო დუბლშემადგენლობის წევრი, საიდანაც ტიუმენში გადავიდა. 2015 წელს ქავთარაძე ტვერის "ვოლგას" წევრი გახდა, უკანასკნელად კი მაიკოპის "დრუჟბაში" თამაშობდა. "ლოკომოტივმა" ქავთარაძე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. 24 წლის ნახევარმცველმა "ლოკომოტივთან" ხელშეკრულება 2017 წლის ბოლომდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110337