ფეხბურთი

23:38 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

GFF Awards 2016 - საუკეთესოები, დაფასებულები

თბილისის სასტუმრო Rooms-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოვება გაიმართა: GFF Aწარდს-2016. აკორდი იყო თორნიკე ოქრიაშვილის საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება. ოქრიაშვილმა 2016 წელს ეროვნულ ნაკრებში სამი გოლი გაიტანა: ყაზახეთთან, ესპანეთთან და უელსთან.

წლები გავა და მაინც ყველას ემახსოვრება ესპანეთთან სტუმრად გამარჯვება. 1:0 მადრიდში იმ ნაკრების წინააღმდეგ, რომელსაც ჰყავს ანდრეს ინიესტა, სერხიო რამოსი, ჟერარდ პიკე, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი და სხვები... მნიშვნელოვანი, ამ შესარჩევ ციკლში პირველი ქულის მომტანი იყო ოქრიაშვილის გოლი უელსთან გასვლაზე.

თუმცა, სილამაზით ვერცერთი ეს გოლი ახლოსაც ვერ მოვა თორნიკეს მიერ "კრასნოდარის" მაისურით გატანილს: ბოლო წუთზე "ზენიტთან" გამარჯვების მომტანი მაკრატელა...

ოქრიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა. თავად კობიაშვილი სამჯერ გამხდარა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი.

თორნიკეს კონკურენტები იყვნენ გურამ კაშია, ვაკო გვილია და ჯანო ანანიძე. ჩვენის მხრივ შეგახსენებთ, რომ შარშან წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა.

ცნობისთვის, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ჩემპიონატის კლუბების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.

კიდევ არაერთ ნომინაციაში დააჯილდოვეს საუკეთესოები. ეროვნული ჩემპიონატის რჩეული ფეხბურთელი გახდა ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც "სამტრედიაში" მშვენიერი სეზონი ჩაატარა, ჩემპიონიც გახდა და საუკეთესო ბომბარდირიც. ზივზივაძის გარდა, სამეულში იყვნენ ბაჩანა არაბული ("სამტრედია") და თემურ შონია ("დინამო" ბათუმი).

ზივზივაძემ კიდევ ერთი პრიზი ჩაიბარა - გარდამავალი სეზონის საუკეთესო ბომბარდირისა.

ასევე, წინა სეზონის (2015/2016) საუკეთესო მეგოლეც დააჯილდოვეს: თბილისის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი, ამჟამად ვენის "რაპიდში" მოთამაშე გიორგი ქვილითაია.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ("დინამო" თბილისი) გახდა. კიტეიშვილის კონკურენტები იყვნენ საბურთალოელი გიორგი ხარაიშვილი და ესპანური "ხიმნასტიკის" მცველი ოთარ კაკაბაძე. ისე, შარშანაც კიტეიშვილი გახდა საუკეთესო ახალგაზრდა...

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი კვლავაც გულნარა გაბელია გახდა (სამეულში იყვნენ ნინო სუთიძე და ტატა მატვეევაც), ხოლო ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ქალ მოთამაშედ ლანა გორგაძე დაასახელეს (ნომინანტები: ნინო ჭუჭულაშვილი, ქრისტინე შახკულიანი, ელენე რაუხი). ასევე, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გადაეცა "მართვეს" მოთამაშე ნინო ჭუჭულაშვილს.

ფუტსალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ეროვნული ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძე. სხვათა შორის, პირველად მოხდა, რომ საქართველოში ფუტსალის წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს... ფუტსალს კარგი წელიწადი ჰქონდა, ჩვენმა ნაკრებმა გერმანია დაამარცხა, ასევე საკმაოდ ძლიერი სლოვაკეთი და საერთოდაც, პროგრესი აშკარად ჩანს.

წლის საუკეთესო მწვრთნელი - გია ცეცაძის გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა. ცეცაძის ხელში "სამტრედიამ" წინა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, გარდამავალ სეზონში კი ჩემპიონობას უწია. "სამტრედია" ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. ცეცაძის გარდა, სამეულში იყვნენ კახა ჩხეტიანი ("ტორპედო") და სოსო ფრუიძე ("ჩიხურა").

საუკეთესო მსაჯი ფიფას კატეგორიის არბიტრი გიორგი ვადაჭკორია გახდა. სამეულში იყვნენ გოგა კიკაჩეიშვილი და ლაშა სილაგავა.

რაც შეეხება წლის საუკეთესო გოლის ავტორს: მეორე ლიგაში მოთამაშე "შევარდენი 1906"-ის ფეხბურთელმა ნიკა მაისურაძემ მართლაც ბრწყივალე მაკრატელა გაიტანა და მასზე ეს პრიზი ალალი იყო.

ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საპატიო ჯილდო გადაეცათ იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ფეხბურთის განვითარებაში. საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა თბილისიდან ამბროლაურში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის სამუშაოდ ჩასული ბექა ოშხერელი, რომელიც მაღალმთიან რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაცის უწყობს ხელს. აგრეთვე ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ონის სპორტსკოლის დირექტორ ერმილე ჩიტალაძესა და ცაგერში ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „ხვამლის“ წარმომადგენელს პორფილე კოპალიანს.

ცალკე აღინიშნა ფეხბურთში კერძო სექტორის მნიშვნელობაზე. წლეულს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კოკა-კოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა თემურ ჭყონიას. სპეციალური ჯილდო სახელწოდებით „ფეხბურთი ყველას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ წარმომადგენელს ნიკა კაპანაძეს და ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „ჭარრიორს”-ის წარმომადგენელ გიორგი ციხისელს.

დაჯილდოვებისას იმ საინტერესო პროექტებზეც ითქვა, რაც წლეულს განხორციელდა საქართველოს ფედერაციის მიერ. მათ შორის, მოყვარულთა თასზე, 13-წლამდელთა რეგიონთა თასზე... სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ფედერაცია მუდამ იბრძვის გარიგებული მატჩების წინააღმდეგ.

და კიდევ, ფედერაციის გადაწყვეტილებით, ახალი წლიდან დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდი დაიწყებს შეიქმნება. ფონდი ძირითადად განათლებისკენ იქნება მიმართული და საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.

ლევან კობიაშვილმა ამის შესახებ დაჯილდოვების ცერემონიალისას ისაუბრა:

„21 დეკემბერს ჩვენი მეგობრისა და ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივრის, დავით პეტრიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ძალიან რთულია დათოზე წარსულში საუბარი, ის გახლდათ ქართული ფეხბურთის დიდი მხარდამჭერი და ჩვენი ელჩი მსოფლიოში. ჩვენი ინიციატივით შეიქმნება დავით პეტრიაშვილის ფონდი და ეს ფონდი მოემსახურება ქართულ ფეხბურთში განათლების კუთხით წინსვლას. დათო პეტრიაშვილი ბევრს კარგ საქმეს აკეთებდა".

0.727544