ფეხბურთი

17:19 | 18.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მსოფლიოს ჩემპიონია (+VIDEO)

მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონია – “სამეფო კლუბმა” დღეს იოკოჰამაში გამართულ ფინალურ მატჩში “კაშიმა ანთლერსი” მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც დაამარცხა.

მატჩი “რეალისთვის” კარგად დაიწყო და უკვე მე-9 წუთზე ზინედი ზიდანის გუნდი ქარიმ ბენზემამ დააწინაურა. სხვათა შორის, ფრანგი ჩინებულ ფორმაშია და “რეალის” ბოლო 13 გოლიდან 5 მის ანგარიშზეა. სწრაფი გოლის შემდეგ ესპანელები მოეშვნენ, ხოლო “კაშიმა” პირიქით, გააქტიურდა. იაპონელთათვის ამ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბუნებრივია. იში მასატადას შეგირდებმა ზედ ტაიმის მიწურულს გათანაბრება მოახერხეს. საჯარიმოში ჩინებულად ითამაშა გაკუ შიბასაკიმ და კეილორ ნავასს შორეულ კუთხეში გაუტანა.

მეორე ტაიმის სტარტზე კი, 24 წლის ნახევარმცველმა უკვე შორი დისტანციიდან დაჯაბნა კოსტა რიკელი მეკარე და მასპინძლების წინ გავიდნენ. თუმცა, “რეალმა” მალევე გაათანაბრა: კრიშტიანუ რონალდუმ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად აქცია. შეხვედრის ბედი კი, დამატებით დროში, კერძოდ, მის პირველ 15 წუთში გადაწყდა. ჯერ ბენზემას პასით პორტუგალიელმა დუბლი გაიფორმა, ხოლო მერე ტონი კროოსის უმისამართო დარტყმული შეამაგრა კრიშტიანუმ და ახლო მანძილიდან მეოთხედ დალაშქრა “კაშიმას” კარი.

სხვათა შორის, რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ხოლო ამავდროულად ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 5 გოლით.

“რეალმა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მეორედ მოიგო (პირველად 2014 წელს). თუმცა, თუ ამას საკონტინტეთაშორისო თასსაც დავუმატებთ, გამოდის, რომ მადრიდულმა გრანდმა მეხუთე ტიტული მოიპოვა.

“რეალი” – “კაშიმა ანთლერსი” 4:2 (დ.დ) (1:1)

იოკოჰამა, “იოკოჰამა სთედიუმი”

მაყურებელი: 70 000

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, რამოსი (ნაჩო 108), მარსელო; მოდრიჩი (კოვაჩიჩი 106), კაზემირო, კროოსი; ვასკესი (ისკო 81), ბენზემა, რონალდუ (მორატა 112)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“კაშიმა” (4-4-2): სოგატა; ნიში, უედა, შოჯი, იამამოტო; ენდო (იტო 102), ნაგაკი (აკასაკი 114), ოგასავარა (მასიასი 67), შიბასაკი; კანაზაკი, დოი (სუძუკი 88)

მწვრთნელი: იში მასატადა

გოლები: 1:0 ბენზემა (9), 1:1 შიბასაკი (44), 1:2 შიბასაკი (52), 2:2 რონალდუ (60, პენ), 3:2 რონალდუ (98), 4:2 რონალდუ (104)

გაფრთხილება: რამოსი (55), კაზემირო (100), კარვახალი (102) – იამამოტო (58), მესიასი (93)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 31 (12) – 11 (5) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 14:6 თამაშაგარე: 2:4

მსაჯი: იანი სიკაზვე (ზამბია)

0.116715