ჭიდაობა

10:21 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კელასოვს ბრინჯაომდე ერთი მოგება დააკლდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა არაოლიმპიური წონითი კატეგორიებისთვის გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ბექა ლომთაძის (61 კგ) მიერ გუშინ მოპოვებული ვერცხლის მედლით დაასრულა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები კი საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.

სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა უმასპინძლა. გუშინ, მამაკაცთა შორის ორივე საჭიდაო სტილში თითო წონაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები.

ბერძნულ-რომაულში საქართველოს სახელით ხალიჩაზე ნიკოლოზ კელასოვი (80 კგ) გავიდა და პოდიუმამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში კელასოვი პირველსავე წრეში რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან აბაჩარაევს დაეჭიდა და 3:5 დამარცხდა. აბაჩარაევმა ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ სამი ეტაპი დაძლია, ფინალში გავიდა და ქართველ მოჭიდავეს ბრინჯაოსკენ მიმავალი გზა გაუხსნა.

რეპეშაჟი ნიკოლოზ კელასოვმა რუმინელი გეორგე ვლად მარიეას ძლევით გახსნა - 2:1. "ბრინჯაოს ნახევარფინალში” ანალოგიური ანგარიშით აჯობა აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უზბეკ ჯონიბეკ ოტაბეკოვს დაუპირისპირდა და ბოლო გაფრთხილების გამო დამარცხდა (1:1).

გუშინვე, მსოფლიოს კონკურენციაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ტლაშაძეც (70 კგ) ჩაერთო. კარგადაც დაიწყო – კანადელ კაილ კრისტიან ჰორვატს 8:0 აჯობა, მაგრამ მერვედფინალში ამერიკელ ჯეიმს მალკოლმ გრინთან ვეღარას გახდა (1:4) და ოქრო-ვერცხლის შანსი დაკარგა. ამერიკელმა მეოთხედფინალში წაიფორხილა და ტლაშაძეს რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133633