ფეხბურთი

10:19 | 10.12.2016 | ნანახია 3636 - ჯერ

გუგა ფალავანდიშვილი: "უცხოეთში წასვლით ნაკრებში მოხვედრის მეტი შანსი მექნება"
"გორში გატარებული პერიოდი არასდროს დამავიწყდება, რადგან "დილა" ყოველთვის ჩემს გულში დარჩება"

ქუთაისის “ტორპედოს” საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია საქართველოს ჩემპიონატში. გუგას დიდი წვლილია იმაში, რომ ქუთათურებმა 15 წლიანი პაუზის შემდგომ ტიტული, კერძოდ საქართველოს თასი მოიგეს და გაისად ევროპა ლიგაზე თამაშის უფლებაც ირგუნეს.

თუმცა, იქნება თუ არა მომავალ სეზონშიც ფალავანდიშვილი “ტორპედოს” რიგებში ჯერ თვითონაც არ იცის. როგორც მან worldsport.ge-ს უთხრა, უცხოეთიდან შემოთავაზებებს ელის. ამ ეტაპზე რეალური არაფერია, მაგრამ დეკემბრის ბოლოს ყველაფერი მეცოდინებაო. აქვე, “ტორპედოში” დარჩენასაც არ გამორიცხავს.

23 წლის ფეხბურთელს 2015 წლის ოქტომბერში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, თუმცა იმის მერე, ქვეყნის პირველ გუნდში აღარ მიუწვევიათ. გუგას ამ თემაზეც ვესაუბრეთ. გარდა ამისა, მისი საყვარელი გუნდის, “მილანის” შესახებაც გაგვიზიარა თავისი შეხედულება, გორის “დილაში” გატარებული პერიოდიც გაიხსენა და ბოლოსკენ ძალზე საინტერესო ბლიც ინტერვიუც ჩავწერეთ. მოკლედ, მივყვეთ თანმიმდევრობით...

- როგორ შეაფასებდი განვლილ სეზონს?

- საკმაოდ დადებითად, რადგან გავედით მესამე ადგილზე ჩვენს ჯგუფში, მოვიგეთ საქართველოს თასი მოვხვდით ევროტურნირებზე. რაც ჩემი აზრით, კარგი შედეგია. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ პირველ ოთხ ტურში არათუ მოგება, გოლიც არ გვქონდა გატანილი.

- სწორედ 4 ტურის მერე... ასეთ შედეგს ელოდით?

- დიახ, ნამდვილად მჯეროდა, რადგან საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ. ამიტომ, იმედი ბოლომდე მქონდა.

- საქართველოს ჩემპიონიც გამხდარხარ და ახლა თასიც მოიგე. შეგიძლია შეადარო?

- ვერ ვიტყვი, რომ რადიკალურად განსხვავებული გრძნობაა, მაგრამ ნამდვილად ამაყი ვარ, რადგან ორივე ტიტულს ვფლობ.

- შესაბამისად, ხომ არ მოვიდა დრო, ძალები უცხოეთში მოსინჯო...

- დიდი იმედი მაქვს. ჯერჯერობით, გარკვეული არაფერია, მაგრამ მოლოდინის რეჟიმში ვარ.

- ანუ, გაქვს შემოთავაზებები...

- არა, ამ ეტაპზე წინადადებები არ მაქვს, მაგრამ ნამდვილად ველოდები.

- დაახლოებით, როდისთვის გაირკვევა ყველაფერი?

- დეკემბრის ბოლოს ალბათ, მეცოდინება.

- “ტორპედოში” დარჩენას არ გამორიცხავ?

- დიახ, განვიხილავ ერთ-ერთ ვარიანტად.

- სხვა ქართულ გუნდში ამ ეტაპზე?

- დიდი ალბათობით, გამორიცხულია.

- ამბობენ, კვირპოსში იწვევენო...

- არ ვიცი, მეც რომ მითხრან, კარგი იქნება (იღიმის). ამ ეტაპზე არ ვადასტურებ აღნიშნულ ინფორმაციას.

- გარდამავალ ჩემპიონატზე რას ფიქრობ და გაამართლებს 10 გუნდიანი ჩემპიონატი?

- დიდი იმედი მაქვს, როგორც დაგეგმილია ყველაფერი, შესრულდება და რა თქმა უნდა, დონეც ამაღლდება.

- “სამტრედია” თუ “ჩიხურა”?

- უფრო “სამტრედია”, რადგან უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე “ჩიხურა”.

- როგორ გაიხსენებდი გორის “დილაში” გატარებულ პერიოდს?

- გორი ყოველთვის ჩემს გულში იქნება. პირველად უმაღლეს ლიგაში “დიალში” ვითამაშე, გავხდი საქართველოს ჩემპიონი, წლის აღმოჩენა და ნაკრებშიც გამომიძახეს. 2 წელიწადში უკეთესს ვერც ვინატრებდი და ყოველთვის მადლიერი ვიქნები გორის და “დილას” გულშემატკივრების.

- თუმცა, ახლა არ უდგას კარგი პერიოდი...

- ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია ეს ჩავარდნა. რომელმაც, გუნდს წაართვა ფეხბურთელთა ძირითადი ბირთვი და შედეგზეც აისახა.

- ასეთ პრობლემებს თითქმის ყველა ქართულ გუნდში ვაწყდებით. გამოსავალი რაში მდგომარეობს?

- სპონსორებში, რომლებიც სამწუხაროდ არსად ჩანს. გამიხარდა “დილას” ამბავი, რადგან სპონსორი გამოჩნდა და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. იმედია, შეასრულებენ სიტყვას და გუნდს კარგად დააფინანსებენ.

- ნაკრებზეც ვთქვათ: გიბრალტართან დებიუტი გქონდა ერთი წლის წინ...

- რთულია იმ ემოციების სიტყვით გადმოცემა, რაც მე განვიცადე მაშინ. ყველას ვუსურვებ იგივეს. გახარებული და ბედნიერი ვარ შანსი რომ მომეცა და მადლიერი კახა ცხადაძის ნდობისთვის.

- თუმცა, მას შემდგომ აღარ გიწვევენ. როგორ ფიქრობ, მზად ხარ დღეს ეროვნული ნაკრებისთვის?

- ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე თავს არ ვზოგავ და არც დავზოგავ.

- არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე ნაკრებს ვერ აკმაყოფილებს. უცხოეთში წასვლა დაგეხმარება?

- დიახ. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად გამოვჩნდები და მეტი შანსი მექნება.

- ვიცი, რომ “მილანის” გულშემატკივარი ხარ. რამ გამოიწვია “როსონერის” ჩავარდნა შენი გადმოსახედიდან?

- დღევანდელ ფეხბურთში თანხები ბევრ რამეს წყვეტენ და “მილანს” სამწუხაროდ, არ ან ვერ აქვს ფული. სწორედ ამიტომ, საჭირო ტრანსფერებს ვერ ჩარხავს, რაც ევროტურნირებს მიღმა დარჩენას იწვევს.

- ჩინურ ინვესტიციას ემხრობი?

- ჩემი აზრით, საუკეთესო გადაწყვეტილება კლუბის იტალიელ ბიზნესმენზე მიყიდვა იქნება, რომელიც დიდ თანხას ჩადებდა გუნდში, მაგრამ თუ იგივეს ჩინელები გააკეთებენ, ურიგო არ იქნება.

ამის შემდგომ გუგასთან საინტერესო ბლიც ინტერვიუც ჩავწერეთ:

- საუკეთესო მეკარე ისტორიაში?

- ჯანლუიჯი ბუფონი.

- საუკეთესო მცველი?

- პაოლო მალდინი.

- საუკეთესო ნახევარმცველი?

- ანდრეა პირლო.

- საუკეთესო თავდამსხმელი?

- რონალდო (ბრაზილიელი).

- საუკეთესო ფეხბურთელი?

- ლიონელ მესი.

- საუკეთესო მწვრთნელი?

- კარლო ანჩელოტი.

- საუკეთესო გუნდი?

- არიგო საკის “მილანი”.

- თამაში, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა?

- გერმანია – იტალია. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალი.

- ყველაზე ლამაზი გოლი?

- ზინედინ ზიდანის გოლი “ლევერკუზენთან” 2002 წელს.

- ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც, თუნდაც ერთი წუთი ითამაშებდი?

- ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

სამტრედია   2 - 0    ჩიხურა

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   2 - 2    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   1 - 0    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:19 | 10.12.2016
leo-dzia (5514)

წარმატებები გუგას. ქუთაისელენსაც შეაყვარა თავი, აღარაფერს ვამბობ გორელებზე თავისი გულიანი და თაბდადებული თამაშით. უცხოეთში თუ წახვალ ამბიციურ გუნდში წადი გუგა.

14:40 | 10.12.2016
arturi-baierni (24175)

გუგა წარმატებებს გისურვებ სადაც არ უნდა იყო მაგრამ გუნდში თუ გამოჩნდა კარგი ინვესტორი ჯობია აქ დარჩე ვიდრე კიპრის აუტსაიდერ გუნდში გადახვიდე .....შენ უკვე დატოვე კვალი ქუთათურთა ქომაგების გულებში წარმატებები

10:55 | 10.12.2016
rigeli (769)

გიგა წარმატებებს გისურვებ, მადლობა ტორპედოში შრომისა და ტამაშისატვის, ტუ უცხოეტში წახვალ გმერტმა ხელი მოგიმარტოს, თუ ტორპედოში დარჩები ძალიან გამიხარდება.

სტატისტიკა
0.224726