ფეხბურთი

16:55 | 24.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა საბანაძე: “იმედია დასახულ მიზანს მივაღწევთ და “მერანი” პრო 2 ლიგაში გადავა”

მარტვილის “მერანის” თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ WORLDSPORT.GE-სთან საუბრისას თასის ფინალი შეაფასა და ზოგადად ყველა იმ თემას შეეხო, რომელიც მკითხველისთვის საინტერესო იქნება. მისი თქმით, “მერანს” გამარჯვებამდე თავდაჯერებულობა დააკლდა. ნიკამ თანაგუნდელებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი თამაშისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ თავი შეიკავა, თუმცა გვითხრა, რომ სეზონის ბოლომდე კლუბში რჩება და ყველაფერს გავაკეთებ, “მერანი” პრო 2 ლიგაში რომ გადავიდესო.

- ზოგადი შეფასება და ორი განსხვავებული ტაიმი...

- დიახ, ნამდვილად იყო ორი განსხვავებული ტაიმი. თავიდან თამაში კარგად ვერ დავიწყეთ. 20 წუთის განმავლობაში ისე ჩანდა თითქოს გათიშულები ვიყავით, რასაც ლოგიკური პირველი სწრაფი გოლი მოჰყვა და ამან უფრო დაგვაბნია. ტაიმის მიწურულს მეორე გოლიც მივიღეთ და აქიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ნახევარი პირწმინდად წავაგეთ. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენმა ბიჭებმა მოუმატეს და სულ სხვანაირი თამაში გამოვიდა. გუნდიც უფრო დალაგდა და საერთო ჯამში კარგი ფინალი იყო.

- დავალებები, რომელიც პირველი ტაიმის მერე მწვრთნელისგან მიიღეთ...

- გიორგი მიქაძემ გაგვამხნევა, სტიმული მოგვცა და გვითხრა, რომ ასე თამაშის გაგრძელება არ შეიძლებოდა. ბოლომდე ბრძოლისკენ მოგვიწოდა და რა თქმა უნდა, ტაქტიკური რჩევებიც მივიღეთ.

- როგორი გრძნობაა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან მატჩში, ყოფილ გუნდს ხვდები და გოლიც გაიტანე?

- ქუთაისში ძალიან დიდი ხანი გავატარე, ჩემი კარიერაც სწორედ “ტორპედოდან” დაიწყო. აქედან გამომდინარე ყველას ქუთაისელი ვგონივარ, თუმცა თბილისელი ვარ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ფინალი განსაკუთრებული იყო. საერთოდაც, ყველა თამაში განსაკუთრებულია, იქნება ეს ამხანაგური თუ ოფიციალური და ყველას სერიოზულად ვუდგები. ფინალი ხომ საერთოდ…სხვა თემაა... სულ სხვა ემოცია, მითუმეტეს ქუთაისის “ტორპედოსთან”. გოლის გატანას რაც შეეხება, ძალიან დიდი ემოცია და მუხტი მივიღე.

- რა დააკლდა “მერანს” გამარჯვებამდე?

- პირველ ყოვლისა თავდაჯერებულობა. ჩვენ ვერ ვირწმუნეთ ჩვენივე ძალის და იმის, რომ შეგვეძლო “ტორპედოს” დამარცხება. დავამატებ იმას, რომ ყველა ჩემმა გუნდელმა ბოლომდე იბრძოლა და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო.

- სამომავლო გეგმები...

- სეზონის ბოლომდე მარტვილის “მერანის” ღირსებას ვიცავ და 100%-ით ვარ გადართული დარჩენილ თამაშებზე. სამომავლო გეგმებზე კი ალბათ ჯერ ადრეა საუბარი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, წინასწარ საუბარი არ მინდა.

- და ბოლოს, წინ დაძაბული მატჩები გელით და როგორ ფიქრობ რა შანსები აქვსმერანს”?

- დარჩენილ თამაშებს რაც შეეხება, მართლაც რომ დაძაბულია და საინტერესო. 25-ში წყალტუბოს “სამგურალს” ვხვდებით, რომელიც ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ძალიან კარგი გუნდია. მძიმე თამაში იქნება და ჩვენ, ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ. პლეი-ოფში კი ვნახოთ ვინ შეგვხვდება. იმედია, ჩვენს დასახულ მიზანს მივაღწევთ და პრო 2 ლიგაში გადავალთ.

0.109317