ფეხბურთი

11:43 | 2.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დღეს საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება

2 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. გულშემატკივრებს ორივე მატჩის პირდაპირ ეთერში ხილვა შეეძლებათ. მარტვილის „მერანი“ - საჩხერის „ჩიხურას“ ტრანსლაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ, თბილისის „დინამო“ - ქუთაისის „ტორპედოს“ კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი.

მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ნახევარფინალის მონაწილე ერთადერთი პირველლიგელი, მარტვილის „მერანი“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. პირველი ლიგის მიმდინარე სეზონში მარტვილელებს 13 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე არიან. საჩხერლები კი, დამაჯერებლად ასპარეზობენ და უმაღლესი ლიგის თეთრ ჯგუფს 23 ქულით ლიდერობენ. „მერანი“ საქართველოს თასის გათამაშებაში პირველი ეტაპიდან ჩაერთო და ნახევარფინალამდე სამი ეტაპი დაძლია. „ჩიხურა“ კი, როგორც ევროტურნირებზე მონაწილე გუნდი, გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთო და ნახევარფინალამდე ორი მეტოქე გამოთიშა ასპარეზობას.

ბორის პაიჭაძის „დინამო არენა“ ქართული ფეხბურთის ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას უმასპინძლებს. თბილისის „დინამო“ საშინაო არენაზე ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს. მიმდინარე სეზონში უმაღლესი ლიგის ეგიდით ეს გუნდები უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ის შეხვედრაც თბილისში გაიმართა და უგოლო ფრით 0:0 დასრულდა. საქართველოს თასზე კი, თბილისურ-ქუთაისური დაპირისპირება გასულ სეზონშიც შედგა. მაშინ გუნდები ერთმანეთს მეოთხედფინალურ ეტაპზე შეხვდნენ და ორმატჩიან დაპირისპირებაში დედაქალაქელებმა 3:1 დაამარცხეს პრინციპული მეტოქე.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან და 2016 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს 22 ნოემბერს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

მერანი - ჩიხურა

მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა", 14:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, ი. კვირიკაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი, ბ. ნინუა

დისკვალიფიკაცია: კიჭი მელიავა, ნიკა საბანაძე, ლაშა ჩალაძე (სამივე მერანი), მიხეილ სარდალიშვილი (ჩიხურა)

დინამო თბ - ტორპედო

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 16:00

პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი (www.2tv.ge)

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, დ. ხარიტონაშვილი, დ. სანოძე, ჯ. ხორავა

დისკვალიფიკაცია: გიორგი პაპუნაშვილი, რენე ფერეირა (ორივე დინამო თბ)

სფფ-ის პრესსამსახური

0.11075