“დინამო” თბილისის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ მედიასთან ვრცლად და ღიად ისაუბრა. უკრაინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ “დინამოს” ყველა პირობა აქვს შექმნილი კარგი ფეხბურთი რომ ითამაშოს, მაგრამ წმინდა თამაშის ხარისხის კუთხით, ევროპისგან ძალიან შორს დგას.
ვიაჩესლავ გროზნი ამჟამად “დინამოს” მთავარ პრობლემად ფიზიკურ კონდიციებს მიიჩნევს – “გუნდი ხშირად მეორე ტაიმში ვეღარ მოძრაობს”.
ვიაჩესლავ გროზნი (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი):
“მოხარული ვარ, რომ “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გავხდი. ამჟამად ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ სადაც კი მიმუშავია ყველა ენა ავითვისე, კერძოდ, ბულგარული, თუმცა ქართული უფრო ძნელია. მქონდა სხვა ვარიანტებიც, მაგრამ “დინამოს” დავთამხდი, რადგან დიდი გუნდია, დიდი წარსულით. მინდა, საქართველოში საუკეთესო მწვრთნელი გავხდე და ეს ერთხმად აღიარონ, როგორც ჟურნალისტებმა, ისე გულშემატკივრებმა.
აქამდე ისტორიულ გუნდებში მიმუშავია – “სპარტაკი”, “დნიპრო”, “ლევსკი”. ისეთი ფეხბურთელებიც აღმიზრდია, რომლებიც მერე სათამაშოდ “ბარსელონაში, “ჩელსიში” გადასულან. მინდა გითხრათ, რომ სრულიად გახსნილი ვიქნები მედიასთან და ფეხბურთელებსაც არ დავუშლი მასთან ურთიერთობას. ჩაკეტილობა ჩემი სტილი არაა. მიყვარს ხალხი, ვინც სიმართლეს წერს და ამბობს.
“დინამოს” დიდებული ინფრასტრუქტურა, ბაზა აქვს და შემიძლია ვთქვა, ბრავო – ტაში დავუკრა, მაგრამ სამწუხაროდ, თამაში არაა შესაბამისი, ევროპული დონის. ლანჩხურთში მომხდარს რაც შეეხება, “სპარტაკში” მუშაობის დროს ჩემპიონთა ლიგაზე “ბლექბერნს” ვეთამაშებოდით და ინგლისური გუნდის ფეხბურთელებმა ერთმანეთში იჩხუბეს. ასეთი რაღაცები ხდება და ამიტომ, არამგონია, რომ “დინამოს” მთავარი პრობლემა დისციპლინა იყოს – ვფიქრობ, მთავარი სამუშაო ფიზიკური კონდიციების მხრივაა, რადგან გუნდი მეორე ტაიმის საწყისი წუთების მერე ფაქტობრივად ვეღარ თამაშობს და დგას. ამას კი, რა თქმა უნდა, ბევრი, ბევრი ვარჯიში უნდა. ასევე, შორსაა ევროპული, თანამედროვე ფეხბურთისგან. ვერ ვთამაშობთ სათანადო პრესინგს, რაც, რაღა თქმა უნდა, აგრეთვე ფიზიკური მოუმზადებლობის ბრალია. თუმცა, ეს დაძლევადია, ვფიქრობ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ყველა მინუსი აღმოვფხვრათ და ჩვენს დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.
“დინამოს” თამაშს უკვე დავესწარი და იქ ხალხი არ დამხვდა. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ვფიქრობ გულშემატკივარმა სტადიონზე აუცილებლად უნდა იაროს.
შემადგენლობა? – გუნდი გაძლიერდება. არ გამოვრიცხავ, რომ კიევის “დინამოდანაც” დავიმატოთ რამდენიმე ფეხბურთელი. ჯერ ზამთრამდე დრო გვაქვს, მანამდე კი დავაკვირდები ფეხბურთელებს და გამოჩნდება თუ რა პოზიციებზე სჭირდება გუნდს ყველაზე მეტად გაძლიერება.
ქართველები ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარეები ხართ – თქვენ რა გგონიათ, კახა კალაძე კიევის “დინამოდან” “მილანში” ლამაზი თვალების გამო წაიყვანეს? – სულაც არა! ეს შრომისა და ნიჭის შედეგი იყო. ან თუნდაც ჯანო ანანიძე, რომელიც დღეს მოსკოვის “სპარტაკის” ლიდერია”, - თქვა გროზნიმ.
შეგახსენებთ, გროზნიმ “დინამო” ოფიციალურად დღეს ჩაიბარა და პირველი წვრთნაც ჩაატარა. “დინამოს” ვარჯიში მედიისთვის საწყისი 15 წუთი ღია გახლდათ.