ფეხბურთი

1:51 | 18.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა - იქნებ ვაკო "სანტიაგო ბერნაბეუზე" ათამაშონ

დღეს, სამკვირიანი პაუზის მერე უეფას ჩემპიონთა ლიგა განახლდება – გაიმართება მესამე ტურის რვა შეხვედრა. განსაკუთრებულად გამორჩეული და ცენტრალური დაპირისპირება ამჯერზე არ გვაქვს, თუმცა, ინტერესს ბუნებრივია ყველა მატჩი იწვევს.

E ჯგუფი

ცსკა – “მონაკო”

E ჯგუფში მოსკოვის ცსკა ფრანგულ “მონაკოს” დაუხვდება. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მატჩია, თუმცა, როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება, მაშინ ყველაფერი დასაშვებია. ცსკასთვის შესაძლოა ბოლო შანსიც იყოს, რომ ჯგუფიდან გავიდეს, რადგან რუსებს ორ ტურში კინკილა ქულა აქვთ მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ მოსკოველები აღნიშნულ მატჩს არცთუ ისე კარგ ფორმაში ხვდებიან: ბოლო ხუთი მატჩიდან ლეონიდ სლუცკის გუნდმა სამი წააგო. რაც შეეხება “მონაკოს”, ვერც მონეგასკები ბრწყინავენ – ორი მოგება, ორი მარცხი და ერთი ფრე.

დღეს, ეს გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან და ბუნებრივია, მათი ურთიერთშეხვედრათა ისტორია აქამდე არაფერს ითვლის. ცსკას ფორვარდი ლამინე ტრაორე “მონაკოში” ბრუნდება, სადაც მან ფეხბურთის თამაში დაიწყო.

სლუცკის დღევანდელ შეხვედრაში ცაუნია, ძაგოევი, ერემენკო და პომაზუნი დააკლდება, ხოლო ლეონარდო ჟარდიმი ალმამი ტურეს, რადამელ ფალკაოსა და ნაბილ დირარის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

მოსკოვი, “ცსკა არენა”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

ცსკა (4-5-1): აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი; ვერნბლუმი, ნათხო, ტოშიჩი, გოლოვინი, მილანოვი; ტრაორე

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

“მონაკო” (4-2-3-1): შუბაშიჩი; სიდიბე, გლიკი, ჯემერსონი, ბენედინი; ბაკაიოკო, ფაბინიო; ბერნარდო სილვა, მოუტინიო, ლემარი; ჟერმენი

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

მსაჯი: მარტინ სტრომბეგსონი (შვედეთი)

“ლევერკუზენი” – “ტოტენჰემი”

გაცილებით “ყვირის” ამავე ჯგუფის მეორე მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “ლევერკუზენი” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდებიან. ჯერ ლონდონელებზე ვთქვათ: მაურისიო პოჩეტინიოს გუნდი გადასარევ ფორმაშია და ინგლისის პრემიერლიგაში ლიდერებს შორისაა. ამიტომაც იყო, გერმანელთა თავკაცმა როჯერ შმიდტმა რომ აქო მეტოქე და თქვა, პრემიერლიგის მოგება შეუძლიაო. ერთი ეგაა, “დეზებმა” ბოლო ტურში “ვესტ ბრომვიჩთან” ვერ მოიგეს/ სხვათა შორის, “ტოტენჰემს” ბოლო 21 მატჩში გააქვს მინიმუმ ერთი გოლი. პოჩეტინიოს დღევანდელ მატჩში ჰარი კეინი და ტობი ალდერვარელდი არ ეყოლება.

“ლევერკუზენმა” ბუნდესლიგის ბოლო ტურში ცუდად ითამაშა და აუტსაიდერ “ვერდერთან” წააგო. ისე, მთლიანობაში ისე თამაშობს, როგორც სჩვევია – არასტაბილურად. “ბაი არენაზე” “ფარმაცევტთა” ძლევა ჭირს: მარტიდან მოყოლებული “ბაიერს” შინ 10 თამაშია არ წაუგია. შმიდტის განკარგულებაში იურჩენკო და ბელარაბი დააკლდება.

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვედრილან: 2006 წლის 23 ნოემბერს, უეფას თასის მატჩში, “ტოტენჰემმა” ლევერკუზენში მოიგო დიმიტარ ბერბატოვის გოლით, რომელიც თავის დროზე “ბაიერიდან” შეიძინა. სხვათა შორის, ახლა, “ლევერკუზენის” ყოფილი შემტევი სონი დიდებულ ფორმაშია და ეცდება ყოფილი გუნდის კარიც დალაშქროს.

სავარაუდო შემადეგნლობები:

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰენრიხსი, ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; არანგიზი, კამპლი; ბრანდტი, ვოლანდი, ჩალჰანოღლუ; ჩიჩარიტო

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

“ტოტენჰემი” (4-1-4-1): ლორისი; უოლკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი; ვანიამა; დემბელე, ერიკსენი, ალი, ლამელა; სონი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

F ჯგუფი

“სპორტინგი” – “დორტმუნდი”

F ჯგუფის ცენტრალური მატჩი ლისაბონშია დაგეგმილი, სადაც ადგილობრივი “სპორტინგი” დორტმუნდის “ბორუსიას” მასპინძლობს. ტომას ტუხელის გუნდს უკვე ლამის ერთი თვეა არ მოუგია და შესაბამისად დღეს ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს. თუმცა, “ყვითლებს” წესით, ლისაბონში ადვილი გასეირნება არ უნდა ჰქონდეთ, “სპორტინგი” კარგ ფორმაშია და ნორმალურ ფეხბურთსაც თამაშობს, რაც ლიგის პირველ ორ ტურშიც დაამტკიცა.

თავის მხრივ, პორტუგალიელებს ჯგუფიდან გასვლა თუ უნდათ, დღეს აუცილებლად გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლონ. “სპორტინგი” და “ბორუსია” აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრილან.

ტუხელს დღეს შმელცერი, როისი, გუერეირო, დურმი, შურლე, ბენდერი და კასტრო დააკლდება, ხოლო ჟესუსს კაპიტანი ადრიენ სილვა, ჯეფერსონი, პეტროვიჩი, ბრუნო პაულისტა არ ეყოლება.

აღსანიშნავია, რომ “სპორტინგს” ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 9 მატჩი საკუთარ მოედანზე მოგებული აქვს და ბუნებრივია, სერიის გაგრძელება “დორტმუნდანაც” სურს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლისაბონი, “ჟოზე ალვალადე”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

“სპორტინგი” (4-5-1): რუი პატრისიო; ჟოაო პერეირა, კოატეში, რუბენ სემედო, ზეგეელარი; კარვალიო, ელიაში, ბრუნო სეზარი, ჟელსონი, ბრაიან რუისი; დოსტი

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

“დორტმუნდი” (4-1-4-1): ბურკი; პიშჩეკი, ბარტრა, გინტერი, პასლაკი; ვეიგლი; პულიშიჩი, გიოტცე, კაგავა, დემბელე; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

“რეალი” – “ლეგია”

მადრიდის “რეალისა” და ვარშავას “ლეგიას” წყვილი ისეთი აფიშითაა, რომ თავისუფლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დაახლოებით რა მოხდება “სანტიაგო ბერნაბეუზე” – “რეალი” მოქმედი ჩემპიონი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, “ლეგია” კი, ტურნირის უსუსტესი გუნდი. პოლონელებით დავიყოთ: 21 წლიანი პაუზის მერე ლიგას დაბრუნებული “ლეგია” კატასტროფულ ფორმაშია და ექსტრაკლასაში ყველასთან აგებს, ვისთანაც არ ეზარება. Gუნდს ვერც მთავარი მწვრთნელის შეცვლამ უშველა და იაცეკ მაგიერას ხელშიც გრძელდება უიმედო სერია. ჩვენ კი, ჩვენი გვაფიქრებს, თუმცა ვაკო ყაზაიშვილი დღესაც არ იქნება ძირითად შემადგენლობაში. ყოველშემთხვევაში სავარაუდო შემადგენლობაში ქართველი არ ფიგურირებს. საინტერესო რას უწუნებს “ლეგიას” სამწვრთნელი შტაბი ქართველ შემტევს...

“რეალი” კი ლა ლიგის ბოლო ტურში გონზე მოვიდა და მიჯრით სამი ფრის მერე, სევილიაში “ბეტისი” გაანადგურა – 6:1. “სამეფო კლუბს” უკვე 22 თამაშია არ წაუგია (ყველა ტურნირის ჩათვლით). წესით სერია დღესაც უნდა გააგრძელოს.

ზინედინ ზიდანის განკარგულებაში აღნიშნულ მატჩში სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო და ფაბიო კოენტრაო დააკლდება, ხოლო მის პოლონელ ვიზავის – არავინ.

სავარაუდო შემადგენლობები:

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; დანილო, პეპე, ვარანი, ნაჩო; კოვაჩიჩი, კროოსი, ხამესი; ბეილი, მორატა, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“ლეგია” (4-5-1): მალარჟი; ბერესჟინსკი, ჩჯერვინსკი, რზეზნიჩჟაკი, ჰლუსეკი; რადოვიჩი, მულინი, იოდლოვეცი, ოჯიჯა, გილერმე; ნიკოლიჩი

მწვრთნელი: იაცეკ მაგიერა

მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)

G ჯგუფი

“ლესტერი” – “კოპენჰაგენი”

G ჯგუფის უდაოდ გამორჩეული მატჩია ინგლისისა და დანიის ჩემპიონთა ჭიდილი: “ლესტერი” “კოპენჰაგენს” მასპინძლობს. კლაუდიო რანიერის გუნდის ზღაპარი გასული სეზონის დამთავრებასთან ერთად დამთავრდა, თუმცა “მელიები” ლიგაზე დიდებულად თამაშობენ და ორივე მატჩი მოიგეს თან გოლიც არ გაუშვიათ. ბრწყინვალეა “კოპენჰაგენიც” – ორ ტურში ოთხი ქულა. თან დანიური გუნდი 22 მაისიდან მოყოლებული დაუმარცხებელია (23 თამაში). ევროასპარეზზე კი, სტალე სოლბაკენის ბიჭებს უკვე 10 თამაშია არ წაუგიათ. მართლაც შესაშური სერიაა “კოპენჰაგენისთვის”.

“ლესტერის” საქმეები კი, პრემიერლიგაში უკან-უკან მიდის და არავინ იცის სად იქნება სეზონის ფინიშზე, თუ მდგომარეობას არ გამოასწორებს.

დღევანდელ მატჩში კლაუდიო რანიერის გუნდს მენდი დააკლდება, ხოლო სკანდინავიელებს ბოილესენი. “ლესტერი” და “კოპენჰაგენი” პირველად ხვდებიან ერთმანეთს.

სავარაუდო შემადგენლობა:

ლესტერი, “კინგ პოუერ სთედიუმი”

18 ოქტომბერი, “22:45 საათი

“ლესტერი” (4-4-2): შმეიხელი; სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი; მაჰრეზი, დრიკუოთერი, ამარტეი, ალბირგტონი; სლიმანი, ვარდი

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

“კოპენჰაგენი” (4-4-2): ოლსენი; ანკერსენი, იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტუნსონი; ვერბიჩი, დელანი, კვისტი, ტუტუ; სანტანდერი, კორნელიუსი

მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

“ბრიუგე” – “პორტუ”

“ბრიუგესთვის” და “პორტუსთვის” კი უკან დასახევი გზა მოჭრილია: პირველი-ორი ტურის მერე არცერთს წაფორხილების უფლება არ აქვს. ბელგიის ჩემპიონი საერთოდ საშინლად თამაშობს და როგორც მისმა თავკაცმა მიშელ პრიუდომმა თქვა, კუთხეში მომწყვდეულები არიან. ციდან ვარსკვლავებს არც “პორტუ” ჰყრის, თუმცა პორტუგალიის ჩემპიონატში კარგად თამაშობს.

დღევანდელ თამაშში “ბრიუგე” რაფაელოვს, ენგელსს, იზკუერედოს, დე ბოკს, მეჩელე და ბრუცეზე დააკლდება, ხოლო “დრაკონებს” ამ მხრივ საფიქრალი არ აქვთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბრიუგე, “იან ბრეიდელი”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

“ბრიუგე” (4-2-3-1): ბუტელე; ვან რინი, პულანი, დენსვილი, კულსი; კლაუდემირი, სიმონსი; ვანაკენი, ვორმერი, გედოზი; ვოსენი

მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი

“პორტუ” (4-5-1): კასილიასი; ლაიუნი, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; დანილო, ერერა, ოტავიო, ოლივერი, დიოგო ჟოტა; ანდრე სილვა

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

H ჯგუფი

“დინამო” – “სევილია”

ზაგბრეში “დინამოსთვის” ჩემპიონთა ლიგა თავიდან იწყება – ყოველშემთხვევაში, ხორვატიის ჩემპიონმა საწყის ორ მატჩში საშინლად ითამაშა და ახლა “სევილიასთან” მართებს კუდის მოქნევა. ხორვატებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ ივაილო პეტევის სახით. მას ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ექნება. “დინამოს” ბოლო რვა მატჩში 4 წაგება აქვს და ბუნებრივია, ეს ცუდი შედეგია. “სევილია” კი ესპანეთის ლა ლიგაში ჩინებულად გამოდის და ბოლო ტურში გასვლით მატჩშიც მოიგო – ამით კი, 22 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა საგარეო შეხვედრებში.

“დინამოს” “მაქსიმირზე” გასამართ მატჩში ლოვრენი და გონკალვეში დააკლდება, ხოლო ხორხე სამპაოლი ტრემოლინასი, კარიკო და კარლოს ფერნანდესი.

“დინამოსა” და “სევილიას” დღემდე ერთმანეთში არ უთამაშიათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

ზაგრები, “მაქსიმირი”

18 ოქტომბერი, 22:45 საათი

“დინამო” (4-5-1): ლივაკოვიჩი; სტოიანოვიჩი, სიგალი, შილდენფელდი, პივარიჩი; მაჩადო, ჟონასი, სუდანი, ანტოლიჩი, ფერნანდესი; ენრიკეზი

მწვრთნელი: ივაილო პეტევი

“სევილია” (4-3-3): სერხიო რიკო; მარიანო, რამი, მერკადო, ესკუდერო; ვასკესი, კრანევიტერი, განსო; ვიტოლო, ბენ იადერი, სარაბია

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

“ლიონი” – “იუვენტუსი”

ლიონში, ადგილობრივ გუნდს იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ეწვევა. ფავორიტი “ბებერი სინიორაა”, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ფრანგები ახალ სტადიონზე დიდებულად თამაშობენ: 15 მატჩი, 12 მოგება, 2 ფრე და ერთადერთი მარცხი. თუმცა, ბრუნო გენესიოს გუნდი ბოლო დროს კრიზისშია – ბოლო ხუთი მატჩიდან სამი აქვს წაგებული, მაშინ როცა, “იუვემ” ხუთივე მოიგო და ერთადერთი გოლი გაუშვა.

“ლიონი” და “იუვენტუსი” აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრილან – 2013-2014 წლების სეზონში, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში. მაშინ, ძველ “ჟერლანზე” იტალიელებმა ლეონარდო ბონუჩის გოლით მოიგეს, ხოლო ტურინში ანდრეა პირლოსა და კლაუდიო მარკიზიოს გოლებით – 2:1.

მასიმილიანო ალეგრის სერიოზული დანაკლისი აქვს: გუნდს კლაუდიო მარკიზიო, დანიელე რუგანი, კვადვო ასამოა, მარიო მანჯუკიჩი და ჯორჯო კიელინი დააკლდება. ხოლო “ლიონს”, ჟალე, მამამა, რიბუსი და კალულუ. სხვათა შორის, გენესიოს ალექსანდრ ლაკაზეტი დაუბრუნდა, რომელიც დღეს მოედანზე პირველივე წუთიდან გავა.

თავის მხრივ, ექსგუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში მირალემ პიანიჩს, რომელმაც “ლიონი” 2011 წლის ზაფხულში დატოვა. სხვათა შორის, ზუსტად ამ სტადიონზე მოუგო 13 ივნისს, იტალიის ნაკრებმა ბელგიას და მაშინ მოედანზე ლეონარდო ბონუჩი, ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა ბარძალი იყვნენ. ვნახოთ, წარმატებული იქნება თუ არა ამჯერად იტალიელთათვის “სტად დე ლიონი”.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლიონი, “სტად დე ლიონი”

18 ოქოტმბერი, 22:45 საათი

“ლიონი” (3-5-2): ლოპესი; იანგა-მბივა, ნკულუ, დიაკაბი; რაფაელი, ტოლისო, გონალონსი, დარდე, მორელი; ფეკირი, ლაკაზეტი

მწვრთნელი: ბრუნო გენესიო

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, ბენატია; დანი ალვეში, ხედირა, ერნანესი, პიანიჩი, ალექს სანდრო; დიბალა, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: სჟიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

0.159449