ფეხბურთი

12:15 | 6.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ღირსებისთვის!

გულშემატკივრებმა იციან ირლანდია-საქართველოს დაპირისპირებების ამბები და მხოლოდ მოკლედ შეგახსენებთ: შვიდი თამაშიდან შვიდივე ირლანდიელებმა მოიგეს. ამხანაგურში 0:4 წაგებას თუ არ ჩავთვლით, ყველა შეხვედრა დაძაბული იყო და შეიძლებოდა, სხვა შედეგით დასრულებულიყო.

...საქართველოს ნაკრებს ბევრჯერ შეურცხვენია თავი. ირლანდიაზე სუსტ ნაკრებებთან წაუგიაო? რამდენიც გინდათ, მაგრამ არა ამდენჯერ. პირიქით რომ შევხედოთ, საქართველოს ირლანდიაზე ძლიერ ნაკრებებთან მოუგია, ან არ წაუგია მაინც.

რისი თქმა გვსურს, მიგვიხვდებოდით: ღირსების საკითხია, რომ ირლანდია ამჯერად მაინც გავამწაროთ. შეუარცხმყოფელია, როცა ერთი და იგივე ქვეყნის ნაკრებთან ზედიზედ შვიდჯერ აგებ.

წაგებაცაა და წაგებაც. 2009 წელს დუბლინში 73-ე წუთამდე ვიგებდით. თამაშით გვჯობდნენ, მაგრამ ვიგებდით და რაც მოხდა, გემახსოვრებათ. ფინელმა მსაჯმა გაუგონარი პენალტით დაგვსაჯა. ის ეპიზოდი იმდენად სამარცხვინო იყო, სადაც სამართალია, მსაჯისთვის მინიმუმ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მაინც უნდა მიეცათ, მაგრამ იმ ჩვენი ცოდვით სავსეს საერთაშორისო კარიერაში ბოლო მატჩი ჰქონდა.

სხვაც არის უსიამოვნო გასახსენებელი. 2008 წელს, აგვისტოს ომიდან სამი კვირა იყო გასული, მაგრამ ირლანდიელებმა დაიჩემეს, თბილისში არა, ნეიტრალურზე უნდა ვითამაშოთო და ფიფამაც მათი მხარე დაიჭირა. მატჩი გერმანიაში გაიმართა და 1:2 წავაგეთ.

მას შემდეგ შემადგენლობები შეიცვალა, დრო გავიდა, მაგრამ არა იმდენი, რომ გველის ნაკბენივით არ გვახსოვდეს. დღეს საღამოს ნაკრების ყველა ქართველ ფეხბურთელს უნდა ესმოდეს, რომ ღირსების მატჩს თამაშობს. და თამაშობს იმ ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენზე ძლიერია, რომელიც ხან გადის დიდ ფორუმებზე და ხან შორიდან უყურებს, რომელიც საშუალო ევროპულ დონეს ოდნავ თუ აღემატება და გრანდებთან საერთო არაფერი აქვს.

კარგი იქნება, თუ ერთგვარი ბრაზი ექნებათ ჩვენს ფეხბურთელებს. ყველაფერს უნდა ჰქონდეს დასასრული და მართალია, შვიდიდან შვიდიც გვებევრება, მაგრამ მერვედ მაინც ნუ დავიჩოქებთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112565