ძიუდო

15:54 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქევხიშვილი მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციას უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ისევ დავით ქევხიშვილი უხელმძღვანელებს. სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, რომელიც ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას-მედიისთვის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

ხმის უფლების მქონე 36 დელეგატს მხოლოდ ერთი კანდიდატის თაობაზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რადგან პრეზიდენტობის სურვილი ძიუდოს ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის გარდა არავინ გამოთქვა.

ყრილობას 30 დელეგატი დაესწრო და დავით ქევხიშვილის კანდიდატურას ღია კენჭისყრით ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

მთავარი პროცედურის დასრულების შემდეგ ქევხიშვილმა ის ხალხი დაასახელა, რომლებთან ერთადაც მომავალ ოთხწლიან ციკლში ფედერაციას გაუძღვება. ვიცე პრეზიდენტები იქნებიან: დავით ხახალეიშვილი, ზაზა გულბიანი, ზაქარია კევლიშვილი და ცეზარ ჩოჩელი. გენერალურ მდივნად გიორგი ათაბეგაშვილი დარჩა. აღმასკომი კი 17-კაციანი იქნება.

დავით ქევხიშვილი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად პირველად 4 წლის წინ – 2012 წლის 10 დეკემბერს აირჩიეს.

0.113707