ფეხბურთი

23:10 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძის დუბლი დანიის სუპერლიგაში

დანიის სუპერლიგის XI ტურში დავით სხირტლაძემ დუბლი შეასრულა - 22 წლის ქართველმა ფორვარდმა "სილკებორგისა" და "ოლბორგის" დაპირისპირებაში ითამაშა ჩინებულად. სხირტლაძემ ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე სხვაობა სამამდე გაზარდა. დავითმა მოაედანზე 65 წუთი გაატარა და მერე შეცვალეს. ეს მისი მეორე დუბლია მიმდინარე სეზონში. უშუალოდ შეხვედრა კი, ქართველის გუნდმა 5:3 მოიგო. "სილკებორგი" 11 ტურში დაგროვილი 10 ქულით მეთორმეტე ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის მერვე ტურში გიორგი ლორიამ კარი მშრალად შეინახა. მისი „კრილია სოვეტოვი“ პერმში „ამკარს“ დაუზავდა (0:0), თუმცა ბოლო ადგილს თავი მაინც ვერ დააღწია - „კრილია“ მოუგებლად ასპარეზობს. ქართველმა მეკარემ ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა და განსაკუთრებული საქმე არ ჰქონია. „ამკარის“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა და ყვითელ ბარათს გამორჩა რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქია.

საბა კვირკველიას „რუბინმა“ შინ „ტომს“ აჯობა 2:1 - თუმცა, ქართველი მცველი ამჯერად განაცხადში ვერ მოხვდა. არადა, საბამ ოთხი დღის წინ რუსეთის თასზე 90 წუთი საკმაოდ კარგად ითამაშა, მაგრამ ესპანელი ხავი გრასია მას არაფრის დიდებით არ სწყალობს.

პოლონეთის ექსტრაკლასას მეათე ტურში ლაშა დვალის „სლასკი“ სტუმრად „პიასტს“ დაუზავდა (1:1). საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „სლასკი“ 10 თამაშში მოპოვებული 11 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

ნორვეგიის ტიპელიგაში მხოლოდ 18 წუთი დაეთმო გიორგი გოროზიას. მისმა „სტაბეკმა“ კი საკუთარ მოედანზე მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა კონკურენტ „ბოდოგლიმტთან“ (1:0). „სტაბეკი“ მეცამეტე ადგილზეა 27 ქულით და გასავარდნი ზონიდან სამშვიდობოს გამოვიდა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მეხუთე ტურში ირაკლი მაისურაძის „ერმისმა“ „ახნასს“ 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა შორის 90 წუთი ითამაშა მაისურაძემ, ხოლო სტუმართა რიგებში ქართველთაგან მხოლოდ გია გრიგალავა იყო მოედანზე, რომელმაც პირველი 45 წუთი იასპარეზა. გიორგი ილურიძე თადარიგში იყო, ხოლო ნიკა კაჭარავას მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გაუცდა. „ერმისი“ 5 ტურის მერე მეხუთეა 9 ქულით, ხოლო „ახნასი“ კინკილა ქულით ბოლოზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141814