დრამატულ, უდაძაბულებ ბრძოლაში დაასრულა ევროპის ახალგაზრული ლიგის პირველი ეტაპი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა პირველი ეტაპის ბოლო, მე-5 შეხვედრა ყაზახურ „ბარსისთან“ გამართა და 3 ქულის სხვაობით – 96:99 დამარცხდა.
გამარჯვებულის გამოვლენას 3 დამატებითი 4-წუთეული (ევროპის ლიგაზე მეოთხედი 8-წუთიანია, ოვერტაიმი 4-წუთიანი) დასჭირდა. მატჩის ძირითადი დრო 58:58 დასრულდა. პირველი ოვერტაიმიც ფრედ – 15:15 დასრულდა. მეორე დამატებითი ხუთწუთეულის შემდეგ ანგარიში ისევ ფრე – 85:85 გახლდათ. მესამე ოვერტაიმში კვანძი გაიხსნა – სამწუხაროდ, ყაზახების სასარგებლოდ, რომლებმაც 3 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებში 26 ქულით ბომბარდირი დავით ლომიძე გახდა. 20 ქულა დააგროვა რატი ნუცუბიძემ, დავით აფხაზავას კი ანგარიშზე კი 11 პასი, 9 მოხსნა და 5 ქულა დაგროვდა. ქართველებმა ფარქვეშ პირწმინდად დაჯაბნეს ყაზახები – მოხსნებში 19 ერთეულით აჯობეს, თუმცა საჯარიმოებში და სამქულიანებში უპირატესობა შუააზიელების მხარეს იყო.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის პირველი ეტაპი 2 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა. მომდევნო ეტაპს ჩერქეზიშვილის გუნდი 1-4 დეკემბერს, ლატვიის ქალაქ ვალმეირაში გამართავს. მესამე ეტაპი კი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 23-26 თებერვალს ჩატარდება.
საქართველო 96:99 ბარსი (ყაზახეთი)
სრული სტატისტიკა: 96:99
www.gbf.ge