ფეხბურთი

13:27 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარტვილის „მერანისა“ და „რუსთავის“ მატჩი გარიგებული აღმოჩნდა

საქართველის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის კალენდარული მატჩი, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართა მარტვილის „მერანსა“ და რუსთავის „რუსთავს“ შორის, გარიგებული აღმოჩნდა. ამის შესახებ დღეს სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სპეციალურად დაგეგმილ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მუჯირმა აღნიშნა, ორივე გუნდს აღნიშნულ მატჩში წაგება ჩაეთვალათ (0:3) და ამასთან დაჯარიმდნენ ფულადი თანხით 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო გათამაშების ცხრილში ორივე გუნდს 6-6 ქულა ჩამოეჭრათ.

„არასასიამოვნო ფაქტი მოხდა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასეთი საკითხები დიდ ზიანს აყენებს, ისევე როგორც ქართულ ფეხბურთს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მინდა აღვნიშნო რომ ასეთი ფაქტები ჩვენის მხრიდან ყოველთვისუმკაცრესად დაისჯება. დასრულდა ის დრო როდესაც მსგავსი სამარცხვინო შემთხვევები თაროზე ინახებოდა. გუშინ სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 8 სექტემბერს პირველი ლიგის კალენდარული მატჩი გაიმართა „მერანსა“ და „რუსთავს“ შორის, რომელიც გარიგებული აღმოჩნდა. შესაბამისად, ორივე გუნდი დაისაჯა. აღნიშნულ მატჩში ორივე გუნდს წაგება ჩაეთვალა 0:3, დააკლდათ სატურნირო ცხრილში 6-6 ქულა და დაჯარიმდნენ 10 000 ლარით. მინდა დავაფიქსირო რომ ამით გამოძიების პირველი ეტაპი დასრულდა. დღეიდან კი სპეციალური ჯგუფი ამ თამაშს ვიდეოფირზე შეისწავლის და თუ გამოვლინდა რომელიმე პირის, ფეხბურთელის ან მსაჯის დანაშაული, ისინი უმკაცრესად დაისჯებიან. გარდა ამისა, აღნიშნული მატჩის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადაეცემა. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე გუნდს ფონდის მხრიდან დაფინანსება შეუწყდა.

ჩვენ ყველაზე მეტად ვწუხვართ ასეთი ფაქტების გამო. კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ჯერ არ ყოფილა, თუმცა, მათ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სადისციპლინო კომიტეტის მიერ უახლოეს ორ დღეში წერილობითი ფორმით ეცნობა. ნებისმიერ ასეთ ფაქტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. აქვე მინდა დავამატო, რომ ასეთი ფაქტების შესახებ თქვენი, მედიის მხარდაჭერა და როლი ძალზე მნიშვნელოვანია“ - განაცხადა მუჯირმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10399