ფეხბურთი

12:27 | 12.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კრასნოდარი” კვირკველიას შეძენის მცდელობას არ წყვეტს

რუსეთის პრემიერლიგის “კრასნოდარი” საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველის სოლომონ კვირკველიას შეძენის მცდელობას არ წყვეტს და რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტრანსფერი დიდი ალბათობით ამ ზამთარს მაინც განხორციელდება.

კრასნოდარელებს 24 წლის ქართველი ფეხბურთელის გადაბირება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სურდათ, თუმცა კლუბები კომპენსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, როგორც გამოცემა “იზვესტია” საკუთარ წყაროზე დაყდნობით იტყობინება, მოლაპარაკების პროცესი გრძელდება და “კრასნოდარში” დარწმუნებულნი არიან, რომ კვირკველია სწორედ მათ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

კვირკველია “რუბინის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს, ამ გუნდის მაისურით 110 მატჩი ჩაუტარებია და არამარტო ყაზანელთა რიგებში, რუსულ პრემიერლიგაშიც წამყვან მოთამაშედ ითვლებოდა, თუმცა ახალ სეზონში მას თამაშის საშუალება არ ეძლევა. ამასთან, რაც ყველაზე უცნაურია, “რუბინმა” ზაფხულში, “კრასნოდართან” ერთად, ქართველი მცველით დაინტერესებული კიდევ რამდენიმე კლუბი გაისტუმრა უარით. კვირკველიას უთამაშებლობა რუსეთშიც უკვირთ. “რუბინის” ყოფილი თავკაცის, რინატ ბილიალეტდინოვის განცხადებით, მას ვერ აუხსნია რითი ჯობს სოლომონს ის მცველები, რომელთაც ყაზანელთა ამჟამინდელი მწვრთნელი უპირატესობას ანიჭებს.

“გასაკვირი სულას არაა, რომ “კრასნოდარი” სოლომონის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე ვიყავი “რუბინის” მწვრთნელი, კვირკველიათი არამარტო კრასნოდარელები, არამედ რუსეთის პრემიერლიგის სხვა ტოპ-კლუბები და ევროპული კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი. ის მაღალი კლასის ფეხბურთელია და ვერ გამიგია, რითი ჯობს მას ის მოთამაშეები, ვინც ახლა “რუბინის” ძირითადში თამაშობენ. იქნებ, ახალი სერხიო რამოსი იპოვეს და ჩვენ ჯერ ვერ ვამჩნევთ. ვფიქრობ, სოლომონის კარიერისთვის კლუბის შეცვლა საუკეთესო ვარიანტი იქნება” - ციტირებს ბილიალეტდინოვის სიტყვებს “იზვესტია”.

კვირკველიას “რუბინთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და რუსი ექსპერტების მონაცემებით, მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 4,5 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ “კრასნოდარში” ახლახან ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი.

0.116654