საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო - ვლადიმირ ვაისის გუნდმა საკუთარ მოედანზე ავსტრიის ნაკრებთან იბრძოლა, ფეხბურთიც ითამაშა, მაგრამ მაინც წააგო - 1:2.
ქართველთათვის განსაკუთრებით ცუდი მატჩის პირველი ტაიმი გამოდგა. გოლები წააგავდა ერთმანეთს: ჯერ მარტინ ჰინტერეგერმა გაიტანა თავით მე-16 წუთზე, ხოლო ტაიმის დასასრულს იანკომ დაახლოებით იგივე სიტუაციაში, ისევ თავით იხეირა. არადა, პირველივე ნახევარში რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ „ჯვაროსნებს“, მაგრამ გატანა ვერ შესძლეს. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივარმა ფეხბურთელები გასახდელში სტვენით გააცილეს.
მეორე ტაიმი კი უკეთესი გამოვიდა. ვაკო ყაზაიშვილმა ძელს გაარტყა ერთ მომენტში. 78-ე წუთზე კი, ჯანო ანანიძემ შორი დისტანციიდან ულამაზესი გოლით იმედი გააჩინა. თუმცა, სამწუხაროდ, დარჩენილი დრო ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს თამაშის გადასარჩენად არ ეყო - 1:2.
გამოსარჩევია, რომ თუ მოთამაშეები, შესვენებაზე სტვენის ფონზე გავიდნენ, თამაშის დასრულების მერე ყველაფერი შეიცვალა - ისინი გუშლემატკივრებმა აპლოდისმენტებით გააცილეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევ ჯგუფში მეორე შეხვედრას ირლანდიასთან დუბლინში, 6 ოქტომბერს ჩაატარებს.