ფეხბურთი

17:11 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შაშიაშვილი: "ავსტრიას ინდივიდუალური ოსტატობა და ტექნიკა უნდა დავუპირისპიროთ"

გიორგი შაშიაშვილი ორი წლის განმავლობაში თამაშობდა გრაცის "შტურმში". ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს მისი ნააზრევი ავსტრიულ ფეხბურთზე და ავსტრიის ნაკრებზე. "შაშის" 30 მატჩი ჩაუტარებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ერთი გოლი გაუტანია, თუმცა ის ერთი დაუვიწყარი იყო მისთვის.

გიორგიმ მშობლიურ თბილისის "დინამოში" დაასრულა კარიერა და ამავე კლუბში მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. თავიდან ბავშვებში მუშაობდა, ამჟამად კი "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდშია ლევან გვანცელაძის თანაშემწედ.

worldsport.ge 37 წლის გიორგი შაშიაშვილს ესაუბრა:

- 2007-2009 წლებში თამაშობდი "შტურმში". მას მერე საკმაო დრო გავიდა, მაგრამ საინტერესოა შენი აზრი ავსტრიულ ფეხბურთზე და რა უნდა დავუპირისპიროთ მათ 5 სექტემბერს.

- ზედმეტია იმის თქმა, რომ ავსტრიას ჩვენზე ძლიერი ჩემპიონატი აქვს. მათი ნიშანთვისება ტაქტიკურად გამართული თამაშია. ავსტრიის ნაკრების შემადგენლობასაც თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ მხოლოდ ლეგიონერებზე აწყობილი ნაკრები არაა. ადგილობრივ კლუბებშიც თამაშობენ კარგი ფეხბურთელები. ლეგიონერებიდან, დავიდ ალაბასა და კიდევ ორი-სამი მოთამაშის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ, დანარჩენები კი მაინცდამაინც არ გამოირჩევიან. რა უნდა დავუპირისპიროთ? ჩემი აზრით, ინდივიდუალური ოსტატობისა და ტექნიკის ხარჯზე შეგვიძლია გამარჯვება. მნიშვნელოვანია, რომ შეცდომები არ დავუშვათ დაცვაში, სათამაშო დისციპლინა არ დავარღვიოთ და ჩვენი შანსები გამოვიყენოთ. დაცვიდან შეტევაში და შეტევიდან დაცვაში სწრაფი გადასვლები - ამაში რთულია აჯობო ავსტრიას, მაგრამ შანსები აუცილებლად გვექნება. თანაც, "დინამო არენაზე" იქნება თამაში, გულშემატკივრები ტრიბუნებს შეავსებენ და მთლიანობაში ვფიქრობ, რომ გამარჯვება შეგვიძლია. ავსტრიას ფავორიტად არ მივიჩნევ. ვლადიმირ ვაისს და მთლიანად საქართველოს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ.

- ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელებიდან რომელიმეს პირადად იცნობ? ან ხომ არ გისაუბრია მათთან მოახლოებულ თამაშზე?

- მცველი სებასტიან პრიოდლი ჩემი თანაგუნდელი იყო "შტურმში", საიდანაც ბრემენის "ვერდერში" გადავიდა, მერე კი "უოტფორდში" წავიდა. რამდენიმეს წინააღმდეგ მითამაშია. მაგალითად, მარკ იანკო, რომელიც სახიფათო ფორვარდია. "შტურმის" ორ ყოფილ ფეხბურთელს ველაპარაკე, ამ თამაშს შევეხეთ და სხვათა შორის, მითხრეს, რომ ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელები ძალიან ფრთხილობენ, მაინდამაინც თავდაჯერებული არ არიან. ალბათ, ევროპის ჩემპიონატზე ჩავარდნამაც განაპირობა ეს.

- პირადად შენზე: მწვრთნელობას როგორ შეეგუე?

- ჯერჯერობით, მაინც ახალი დაწყებული მაქვს მწვრთნელობა, განვითარების პროცესში ვარ და "დინამოს აკადემია" ამ მხრივ მშვენიერი ადგილია. აქაურობა სავსეა პერსპექტიული ბავშვებითა და ჭაბუკებით, 1998, 1999 და 2000 წელს დაბადებულებით. ასაკობრივ ნაკრებებში დინამოელები წამყვან როლებს ასრულებენ. ფაქტობრივად, "დინამოს აკადემია", "საბურთალო" და "ლოკომოტივი" არიან ამ მხრივ წარმოდგენილნი. ცუდია, რომ სხვა კლუბები ისე ვერ უბამენ მხარს ამ სამეულს.

- "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდს უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ალმათის "ქაირათთან" ელის მატჩები...

- ვეცდებით, რომ ღირსეულად გამოვიდეთ ამ პრესტიჟულ ტურნირზე და რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ. მთავარი მწვრთნელი ლევან გვანცელაძეა, მე მისი ასისტენტი ვარ და ერთს ვიტყოდი: "დინამოში" ახალგაზრდებზე კეთდება აქცენტი, უეფას ახალგაზრდულ ლიგაში წარმატებით თამაში კი ბიჭებს შესაძლებლობას მისცემს, რომ ძირითად გუნდში დაწინაურდნენ. ეს მათთვის დიდი სკოლაცაა და დიდი სტიმულიც.

- ეროვნულ ნაკრებში ერთი გოლი გაქვს გატანილი: იტალიასთან, ჯანლუიჯი ბუფონის კარში. როგორ გაიხსენებდი იმ თამაშს?

- ყოველთვის სასიამოვნოდ მემახსოვრება. საწყენია, რომ ის მატჩი წავაგეთ (1:3 თბილისში, 2006 წელს - ი.ნ), მაგრამ ვისაც ახსოვს, დამეთანხმება: თანაბარი თამაში იყო, შეგვეძლო უკეთესი შედეგი მიგვეღო. იმ დროს იყო მატჩები, როცა ნაკრები კარგად თამაშობდა და იმედის ნაპერწკალიც ჩნდებოდა, თუმდაც შოტლანდიასთან მოგება გავიხსენოთ. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი თაობაც ისე წავიდა, რომ ნაკრებში სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია.

0.123245